საზოგადოება
რატომ დადის ვიდეოს ავტორი ლევან კოჭლოშვილი შვებულების დროს სამსახურში
თელავის თვითმმართველი თემის საკრებულოს სპეციალისტი საზოგადოებასთან, მასმედიასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის საკითხებში, ლევან კოჭლოშვილი, რომელმაც გუშინ ვიდეო გაავრცელა, აცხადებს რომ 24 აგვისტოდან შვებულებაში გავიდა, თუმცა ის, 24, 25 აგვისტოს და დღესაც სამსახურში იმყოფება.
მას ტელეფონით ვერ დავუკავშირდით და ინფორმაციის გადამოწმება თელავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან მერაბ ხიზანიშვილთან ვცადეთ.

-„ლევანი გუშინაც აქ იყო და გუშინწინაც. არ ვიცი რატომ ვერ უკავშირდებით, ტელეფონი ხომ არ აქვს გათიშული? ახლაც სამსახურშია.“
მოგვიანებით ლევან კოჭლოშვილს თავად ვესაუბრეთ.

-„მესამე დღეა, სამსახურის ვალდებულებას არ ვასრულებ. შვებულების ვადა დღეს მეწურება. ვაპირებდი ბაქოში გაფრენას, მოხდა ისე რომ აღარ გავფრინდი და ჩემს პირად რაღაცეებზე დავდივარ. სამსახურში არ ვარ, ამ შენობაშია მერიაც, გამგეობაც, საკრებულოც და გუბერნიაც.“

გუშინ, ლევან კოჭლოშვილმა, ფეისბუქის გვერდზე, დაახლოებით 12:30-ზე ატვირთა ვიდეო, სადაც ჩანს როგორ მიაქვს ცოცხი "ნაციონალური მოძრაობის" მანქანასთან, რომელზეც მაჟორიტარობის კანდიდატის გიორგი ბოტკოველის ბავშვებთან ერთად გადაღებული ფოტოა. თუმცა ის აცხადებს, რომ საარჩევნო კოდექსის 45 მუხლი, რომელიც სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოხელეებს სამუშაო საათების განმავლობაში აგიტაციას უკრძალავს, არ დაუღვევია, რადგან ის 24 აგვისტოდან კუთვნილ შვებულებაში იმყოფება.
| Print |
FaceBook Twitter Google