საზოგადოება
იუსტიციის სახლში კიდევ ორი ახალი მომსახურების მიღება შეიძლება
იუსტიციის სახლის სერვისებს, შემოსავლების სამსახურის ორი ახალი მომსახურება - ცნობა საბანკო ანგარიშების თაობაზე და ცნობა საგადასახადო დავალიანების თაობაზე დაემატა.


უკვე დღეიდან, სერვისი იუსტიციის სახლის ყველა ფილიალში იქნება ხელმისაწვდომი. ორმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, შემოსავლების სამსახურის უფროსმა გიორგი თაბუაშვილმა და იუსტიციის სახლის აღმასრულებელმა დირექტორმა გივი აზაურაშვილმა მოაწერეს. თანამშრომლობის ფარგლებში უკვე მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი სხვა სერვისების დანერგვის თაობაზე, რაც საშუალებას იძლევა, შემოსავლების სამსახურის სერვისები იუსტიციის სახლებში გაცილებით ფართო სპექტრით იყოს წარმოდგენილი.

საქართველოს იმ რეგიონების მცხოვრებლებს, სადაც იუსტიციის სახლის ფილიალები ფუნქციონირებს, საბანკო ანგარიშებისა და საგადასახადო დავალიანების თაობაზე ცნობების მიღება ქალაქიდან გაუსვლელად შეეძლებათ, რაც დროისა და ფინანსების დაზოგვის, ამასთან, მომსახურების უფრო კომფორტულად და სწრაფად მიღების შესაძლებლობას მისცემთ.

სერვისებზე განაცხადების მიღებასა და მომზადებული ცნობების მომხმარებლებისთვის მიწოდებას იუსტიციის სახლის ყველა ფილიალში (გარდა მესტიის იუსტიციის სახლისა) სწრაფი მომსახურების სივრცის ოპერატორები განახორციელებენ. აღნიშნული სერვისები ათ სამუშაო დღეში უფასოდ გაიცემა, ხოლო ცნობების დაჩქარებული წესით მიღების მსურველებს საშუალება ექნებათ, სერვისი სამ სამუშაო დღეში ათი ლარის, ხოლო განაცხადის წარდგენიდან ერთ სამუშაო დღეში ოცი ლარის გადახდის სანაცვლოდ მიიღონ.

აღსანიშნავია, რომ პარტნიორ უწყებებს შორის ინტენსიური თანამშრომლობის საფუძველზე, იუსტიციის სახლებში შემოსავლების სამსახურის კიდევ რამდენიმე სერვისი დაინერგება. ამასთან, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრებში იგეგმება იუსტიციის სამინისტროს ზოგიერთი ელექტრონული სერვისების შეთავაზება; კერძოდ, იურიდიული პირის რეგისტრაცია/ლიკვიდაცია, ამონაწერის განახლება და სხვა.
| Print |
FaceBook Twitter Google