საზოგადოება
„ნაციონალური მოძრაობა“ მეორე ტურში მიიღებს მონაწილეობას
„ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას მიიღებს და პარლამენტშიც შევა. – ამის შესახებ გადაწყვეტილება პარტიის პოლიტსაბჭომ მიიღო.

კომენტარი ჟურნალისტებთან პარტიის ლიდერმა დავით ბაქრაძემ გააკეთა.
„შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაში, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ დარჩა პრაქტიკულად ერთადერთ პროდასავლურ ოპოზიციურ ძალად, ჩვენ ვერ მივცემთ იმის ფუფუნებას ივანიშვილის რეჟიმს, რომ ქვეყანაში ჩამოყალიბდეს ერთპარტიული მმართველობა და უარი ვთქვათ ისეთ უმნიშვნელოვანეს მონაკვეთზე ბრძოლაზე, პოლიტიკური ბრძოლის, როგორიც არის პარლამენტის ინსტიტუტი და საპარლამენტო ბრძოლა. სწორედ ამიტომ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ, მიუხედავად უთანაბრო პირობებისა, მიუხედავად გაყალბებებისა და ზეწოლებისა, მიუხედავად იმისა, რომ მეორე ტურიც ჩაივლის ძალიან მძიმე ბრძოლის პირობებში, ჩვენ ვიღებთ ბრძოლას, პარტია მონაწილეობას მიიღებს მეორე ტურებში, პარტია შევა პარლამენტში და მონაწილეობას მიიღებს საპარლამენტო მუშაობაში. ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება. ჩვენ გამოვიყენებთ ყველა ტრიბუნას, ჩვენ გამოვიყენებთ პარლამენტს, ჩვენ გამოვიყენებთ კანონიერ აქციებს, ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს კავშირებს უცხოეთში, იმისათვის, რომ საქართველო არ გადაიქცეს საბოლოოდ ერთპარტიულ ქვეყანად და საქართველოში დარჩეს განსხვავებული აზრი, ოპოზიციის აზრი და ქართველ ხალხს მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ჰქონდეს გამარჯვების პერსპექტივა. აი ამისთვის, ჩვენ გამოვიყენებთ ყველა საშუალებას, მათ შორის პარლამენტსაც– განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ პარტიის წევრების ნაწილი ბოლო დღეებში აფიქსირებდა პოზიციას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში უნდა შესულიყო და მონაწილეობა მიეღო მეორე ტურში. ნაწილი კი მეორე ტურსა და პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებდა, რადგან მათი აზრით, ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბა.


| Print |
FaceBook Twitter Google