საზოგადოება
როდის გაიმართება არჩევნების მეორე ტური
საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტურის ჩატარების ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია. ცესკო თარიღის დანიშვნის გადაწყვეტილებას არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებისას მიიღებს.


არჩევნების საბოლოო შედეგები 28 ოქტომბრამდე უნდა შეჯამდეს, მეორე ტური კი, მაქსიმუმ 2 ნოემბრამდე გაიმართოს.
საარჩევნო კოდექსის 126-ე მუხლის თანახმად, საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტური იმართება თუ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების პირველ ტურში საქართველოს პარლამენტის წევრი ვერ აირჩა.
კოდექსის თანახმად, ცესკო პირველი ტურის შედეგების შეჯამებასთან ერთად ნიშნავს არჩევნების მეორე ტურს, რომელიც იმართება პირველი ტურიდან არაუგვიანეს 25-ე დღისა. რისი ვადაც ამ შემთხვევაში 2 ნოემბერს იწურება.
კოდექსის თანახმად, მეორე ტურში მონაწილეობს 2 კანდიდატი, რომლებმაც პირველ ტურში სხვებზე მეტი ხმა მიიღეს. თუ 2-ზე მეტ კანდიდატს ერთნაირი საუკეთესო შედეგი აღმოაჩნდა ან 1 საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატის მომდევნო რამდენიმე კანდიდატმა ერთნაირი რაოდენობის ხმები მიიღო, მეორე ტურში ყველა ზემოაღნიშნული კანდიდატი მონაწილეობს.
არჩევნების მეორე ტურში არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს. თუ კანდიდატებმა ხმათა ერთნაირი რაოდენობა მიიღეს, არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც პირველ ტურში ხმათა მეტი რაოდენობა მიიღო. თუ ხმათა ეს რაოდენობებიც ტოლი აღმოჩნდა, იმართება ხელახალი არჩევნები.

| Print |
FaceBook Twitter Google