საზოგადოება
"არ გაუჩუმდეთ ოჯახში ძალადობას"- შს მინისტრი

„მივმართავ ყველა მსხვერპლს, არ გაუჩუმდეთ ოჯახში ძალადობას, ნუ შეშინდებით, მთელი ჩვენი უწყება, 40 000 ადამიანი თქვენს გვერდით ვართ იმისთვის, რომ დაგიცვათ“, - განაცხადა შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სოციალური კამპანიის "ძალა ნდობას“ პრეზენტაციაზე.

„ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა კვლავ რჩება შსს-ს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად, თუმცა, აქვე უნდა გავითვალისწინოთ ის გარემოება, რომ ამ ძალზე მგრძნობიარე პრობლემის დასაძლევად, იმისთვის, რომ პოლიციელმა შეძლოს მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობის შესრულება, აუცილებელია თავად ძალადობის მსხვერპლთა და მოწმეების თანადგომა, მხარდაჭერა და თანამშრომლობა“, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

კამპანია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „საქართველოს შს სამინისტროს ხელშეწყობა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში“ ფარგლებში ხორციელდება. მისი მიზანი ოჯახში ძალადობის პრევენციის ხელშეწყობა და ამ დანაშაულის წინააღმდეგ ქვეყანაში მოქმედი სამართლებრივი მექანიზმების სახელმწიფო თუ სხვა არსებული სერვისების შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაა.

პრეზენტაციაზე შს სამინისტროს მიერ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ განხორციელებული პრევენციული ღონისძიებებისა და მიღწეული შედეგების შესახებ ისაუბრეს. ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ ცნობიერების ამაღლებისა და შსს-ს თანამშრომელთა სათანადო მომზადების შედეგად, გამოცემული შემაკავებელი ორდერების და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე დაწყებული გამოძიების მაჩვენებლები უპრეცედენტოდ გაზრდილია.

შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ შეტანილი წვლილისთვის სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხუთი თანამშრომელი მადლობის სიგელებით დააჯილდოვა. სპეციალური ჟიურის მიერ ასევე გამოვლინდა კონკურსის „საგაზეთო სტატია ოჯახში ძალადობის შესახებ“ სამი გამარჯვებული, რომლებსაც სხვადასხვა პრიზი გადაეცათ.

ღონისძიებას შსს-ს სხვადასხვა დანაყოფების ხელმძღვანელები, სამთავრობო უწყებების, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის, ოჯახში ძალადობის თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ჟურნალისტები და თავად ძალადობის მსხვერპლები ესწრებოდნენ.



| Print |
FaceBook Twitter Google