საზოგადოება
„არჩევნებამდე გვეუბნებოდნენ, ოღონდ ხმა მოგვეცით და გვერდში დაგიდგებითო“ - რას აპროტესტებენ გარემოვაჭრეები [Photo]
გუშინ დაწყებული დაპირისპირება გარემოვაჭრეებსა და ადგილობრივ თვითმმართველობას შორის დღეს გამგეობის შენობაში გაგრძელდა. ისინი გამგებელთან შეხვედრას და ვაჭრობაზე ნებართვას ითხოვდნენ.


მოქალაქეებს, თავდაპირველად, გამგეობის ქონების მართვის განყოფილების უფროსი დავით ნიკოლაშვილი შეხვდა, თუმცა ვერ შეთანხმდნენ. მოგვიანებით, მოვაჭრეები გამგებელთან შევიდნენ, სადაც ჟურნალისტები არ დაუშვეს.
„არჩევნებამდე გვეუბნებოდნენ, ოღონდ ხმა მოგვეცით და ყველანაირად გვერდში დაგიდგებითო. ჩაიარა არჩევნებმა და სავაჭროდ გარეთ აღარ გვაჩერებენ. ბაზარი არ არის მოწესრიგებული, რომ შევიდეთ. ხომ შეიძლება ნორმალური ტერიტორია გამოყონ, სადაც ადამიანურად გავჩერდებით. ტრასაზე დგომა და მანქანებით გზის ჩაკეტვა არც ჩვენ გვინდა, მაგრამ თუ არხის პირას გაგვიშვეს, იქ ვინ ჩამოვა?“ - გვითხრა ემზარ ზარდიაშვილმა.

მის აზრს იზიარებს ეკატერინე ოტიაშვილიც, რომლის მეუღლეც გუშინ ინცინდენტის დროს პოლიციამ დააკავა.
„გარეთ ტერიტორიის გამოყოფას მარტო მე არ ვითხოვ, ჩემს უკან დაახლოებით 50 ადამიანი დგას. ბაზარში ადგილები არ არის. გვეუბნებიან, საქონელი შიგნით „მეშოკით“ შეიტანეთო, ქალი ვარ და მე ამხელა ტვირთს ზურგზე ხომ ვერ ავიკიდებ? ბაზარში ურიკაც კი არ აქვთ და არც თანამშრომელი ჰყავთ, ვინც ამ ტვირთს წამოიღებს. გუშინაც მოვიდა პოლიცია, გვითხრა, ააბარგეთო. მეუღლემ უპასუხა, აქედან რომ გვყრით, მაშინ თქვენ მაინც გვითხარით, რა გავაკეთოთ, სხვისი ოჯახები გავამწაროთ და ვიქურდოთო? ვისი ოჯახი უნდა გაამწაროთო და პოლიციელისგან წამოვიდა პირველი შეურაცხყოფა. ამის მერე ჩემმა მეუღლემაც შეაგინა. აბა დედის გინებას ვინ ვის აპატიებს?!
ბაზარში, დახლები დაკავებული აქვთ. ჩეკს ვინც წერს, იმან მითხრა, წინასწარ აქვთ გადახდილი და მაგათ ადგილზე ვერ დაგაყენებთო. მთელ ტერიტორიაზე ანტისანიტარიაა, დახლებზე კი ვირთხები დარბიან.“

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, გარევაჭრობა აკრძალულია. გია გერგიძის თქმით, ამას მოსახლეობაც ითხოვს.
„ზაფხულის მერე გარეთ აღარავინ ვაჭრობდა, რაზეც მოქალაქეები მადლობას გვიხდიდნენ. ამ ხალხის იქ დგომა მოძრაობას ზღუდავს, არის ანტისანიტარიაც. გარდა ამისა, შიგნით ბაზარში მოვაჭრეებიც გამოთქვამენ პრეტენზიას. ხალხი მათთან აღარ შედის და იძახიან ჩვენც გარეთ გამოვალთო. ამიტომ კანონი ყველასთვის უნდა იყოს ერთი. ზედამხედველობის სამსახური მიდიოდა და აფრთხილებდა, მაგრამ ყურად არ იღეს. მაქსიმალურად შევეცადეთ, ყველაფერი მშვიდად ჩავლილიყო. თუ ისევ გაარძელებენ ქუჩაში ვაჭრობას, მაშინ კანონის დაცვა პოლიციას ევალება.“

გარემოვაჭრეებმა გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ბაზარში გადაინაცვლეს, თუმცა შეთანხმება ყველა მათგანთან ვერ მოხერხდა.
„ გლეხური ბაზრის“ დირექტორის ლამარა აკოფაშვილის თქმით, მოვაჭრეებს ბაზარში არანაირი პრობლემა არ ექმნებათ.
„აქ იმიტომ არ უნდათ შემოსვლა, რომ გარეთ უფასოდ დგანან. თქვენ თვითონ ხედავთ, რამდენი ცარიელი ადგილია. სადაც შევთავაზებთ, ამბობენ, ეგ ადგილი არ გვინდაო. მუდმივად ვინც ვაჭრობს, იმას ხომ ვერ ავყრით და ვეტყვი, რომ შენს ნაცვლად სხვა უნდა დადგესო?“

როგორც გია გერგიძემ აღნიშნა, გარე ვაჭრობა შესაძლებელია, საახალწლოდ, 20 დეკემბრიდან 20 იანვრამდე დაუშვას, თუმცა ჯერ ესეც გადასაწყვეტია.





| Print |
FaceBook Twitter Google