საზოგადოება
გურჯაანქალაქობა 26 ნოემბერს გაიმართება
უკვე რამდენიმე წელია, რაც ყოველ შემოდგომას, გურჯაანელები ტრადიციულად „გურჯაანქალაქობას“ აღნიშნავენ.


წელს, მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით, ამ დღესასწაულთან დაკავშირებით, გაიმართება კონცერტი, მოეწყობა ფაცხები, სადაც გამოიფინება სოფლის ნობათი და სტუმრებს კახური კერძების დაგემოვნების საშუალებაც მიეცემათ.
„წელს გურჯაანქალაქობა 26-ნოემბერს კურორტ ახტალის ტერიტორიაზე ჩატარდება, გაიმართება სპორტული და კულტურული ღონისძიებები. ღია ცის ქვეშ მოეწყობა სცენა, სადაც მთელი დღის განმავლობაში ადგილობრივი შემსრულებლების მიერ ჩატარდება კონცერტი. ავირჩევთ გურჯაანის საპატიო მოქალაქეებს. დავაჯილდოებთ ფესტივალ „შემოდგომის ფერების“ გამარჯვებულ ნომინანტებს. სპორტულ შეჯიბრში გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან დიპლომებით, მედლებით და ფასიანი საჩუქრებით. პარალელურად, მოეწყობა ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა. იქნება სივრცე, სადაც ყველა ხელოვანს საშუალება მიეცემა თავისი ხელნაკეთი ნივთები გამოფინოს და გაყიდოს. შემოდგომის ფაცხებში სტუმრები კახურ ტრადიციულ სუფრას დააგემოვნებენ. გვეყოლება საპატიო სტუმრებიც. ღონისძიებას საღამოს მოწვეული მომღერლები დაასრულებენ. ღონისძიების ორგანიზებისთვის განსაზღვრული თანხა- 4500 ლარი ჩვენი პროგრამული ბიუჯეტიდან გამოიყო,“-აღნიშნა ჩვენთან საუბარში გურჯაანის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ეკატერინე ბეროშვილმა.
მისივე თქმით, ღონისძიება 12 საათზე დაიწყება და მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

| Print |
FaceBook Twitter Google