საზოგადოება
ქართული ანბანის ცოცხალი კულტურა იუნესკომ კაცობრიობის მემკვიდრეობად აღიარა
"ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა“ UNESCO-ს კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეიტანეს.
აღნიშნული გადაწყვეტილება ეთიოპიის დედაქალაქ ადის-აბებაში, იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მთავრობათაშორისი კომიტეტის მე-11 სესიაზე მიიღეს.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული ნომინაცია საქართველოს მთავრობისა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელობით მომზადდა, ხოლო ნომინაციის მხარდაჭერა საერთაშორისო დონეზე  საგარეო საქმეთა სამინისტრომ უზრუნველჰყო.

ამავე უწყების განცხადებით, ნომინაციის მომზადებაში ჩართულები იყვნენ: ენათმეცნიერების ინსტიტუტი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, საქართველოს ეროვნული არქივი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, ეროვნული მუზეუმი, საქართველოს საპატრიარქო, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ექსპერტები და ცალკეული ენათმეცნიერები.

ნომინაცია UNESCO-ს განსახილველად 2015 წელს წარედგინა. „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა“ არის რიგით მესამე ნომინაცია, რომელიც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაშია შეტანილი. მანამდე ამ სიაში ქართული ფოლკლორი და ქართული ღვინო იყო.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები იუნესკო / ანბანი /