საზოგადოება
მართვის მოწმობის გამოცდის ინოვაციური სერვისი შშმ პირებისთვის
შშმ პირები მართვის მოწმობის პრაქტიკულ გამოცდის ჩაბარებას ადაპტირებული ავტომობილით შეძლებენ.
შს მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის ინიციატივით, შსს-ს კვლევისა და განვითარების დეპარტამენტისა და მომსახურების სააგენტოს ერთობლივი ძალისხმევით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის მართვის მოწმობის ასაღები გამოცდის ჩაბარების ინოვაციური სერვისი დაინერგა.

გიორგი მღებრიშვილი, რუსთავში, შსს-ს მომსახურების სააგენტოში, შეზღუდული შესაძლებლობების პირებისათვის ადაპტირებული ავტომანქანის პრეზენტაციას დაესწრო. შს მინისტრმა მართვის მოწმობის ასაღებ იმიტირებულ გამოცდაში მონაწილეობა მიიღო და ინოვაციური სერვისის ეფექტურობა პირადად შეაფასა.

„ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, სამინისტროს ინფრასტრუქტურა მაქსიმალურად მორგებული იყოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებებზე. ამჯერად მათ უპრეცედენტო ინოვაციას ვთავაზობთ. მომსახურების სააგენტოში ისინი მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ჩაბარებას ადაპტირებული ავტომანქანით შეძლებენ. ვფიქრობ, ეს სიახლე მათ მართვის მოწმობის აღების პროცედურას გაცილებით გაუადვილებს,“- განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

ამ ეტაპზე სპეციალიზებული ავტომობილით მხოლოდ გარკვეული კატეგორიის შშმ პირები ისარგებლებენ, თუმცა, მომავალში ყველა კატეგორიის შშმ პირს მიეცემა საშუალება, მართვის მოწმობის ასაღები პრაქტიკული გამოცდა ადაპტირებული ავტომანქანით ჩააბაროს.


| Print |
FaceBook Twitter Google