საზოგადოება
გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო კვლავ გამგეობის შენობაში განთავსდება
დღეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, მაჟორიტარ დეპუტატ დავით სონღულაშვილისთვის ბიუროს ფართის ოთხწლიანი იჯარით გადაცემის საკითხი განიხილა.

თვიური ქირა 80 ლარს შეადგენს. საკითხს მხარი მხოლოდ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ვალერ ბარნაბიშვილმა არ დაუჭირა.

-"წინააღმდეგი წავედი იმიტომ, რომ ყოფილ მაჟორიტარს, გიორგი ღვინიაშვილს ამ შენობაში ჰქონდა ბიუროს ოთახი და უფლებამოსილების განხორციელებაში ხელი შეუშალეს. ეს მაშინ სრულიად უკანონოდ მოხდა.  ახლა, სონღულაშვილისთვის იგივე ფართის გადაცემას აპირებენ."- აღნიშნა ვალერ ბარნაბიშვილმა.

მის განცხადებას საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ლევან ხაზიურმა უპასუხა.

-"წინა მოწვევის პარლამენტის წევრის მიერ მსგავსი სახის განცხადება საკრებულოს ეკონომიკურ და ქონების მართვის საკითხთა კომისიაში არ შემოსულა. რომ მოემართა უცილებლად განვიხილავდით."

ცნობისთვის, გურჯაანში მაჟორიტარი დეპუტატის გიორგი ღვინიაშვილის ბიუროს გამგეობის შენობა 2015 წლის აპრილში დაატოვებინეს. როგორც მაშინ გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელი გივი გერგიძე ამბობდა, 2013 წლიდან მაჟორიტარის ბიუროსთან ხელშეკრულებას ვადა გაუვიდა და და ერთი წლის განმავლობაში მაჟორიტარს გამგეობის შენობაში ოთახი უკანონოდ ჰქონდა დაკავებული.

| Print |
FaceBook Twitter Google