საზოგადოება
რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდნენ საბავშვო ბაღების აღმზრდელ-პედაგოგები
speqtri.ge-ზე გამოქვეყნებულ სტატიას „ახალი სტანდარტი და რეორგანიზაცია საბავშვო ბაღებში“, დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
გაჩნდა კითხვები, კვებასთან, ტრენინგების ჩატარებასთან, პედაგოგების ასაკობრივ ზღვართან და უკვე გადამზადებული პედაგოგების ხელფასებთან დაკავშირებით.


სწორედ ამ კითხვებით მივმართეთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. უწყებაში განმარტეს, რომ ისინი მხოლოდ აღმზრდელი პედაგოგის პროფესიულ სტანდარტზე მუშაობენ, რის შემდეგაც მოხდება მათი ტრენინგ-მოდულის მომზადება. სხვა სტანდარტების განსაზღვრა კი, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანების პრეროგატივაა.
„ამჯერად მიდის დოკუმენტის სრულყოფა, რომელიც პირველი აპრილისთვის იქნება მზად. როდესაც საბოლოო სახე ექნება, ყველასთვის საჯარო გახდება“. - განმარტეს სამინისტროში.

აღნიშნულ საკითხზე დეტალურად გვესაუბრა გურჯაანის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების დირექტორი ლელა თევდორაშვილი. მისი თქმით, სააღმზრდელო დაწესებულებებისთვის, პირველ რიგში - დირექტორები, შემდეგ კი აღმზრდელები შეირჩევიან.
„ზოგადად, დირექტორების საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენა უნდა უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის გამგეობამ. ამ ეტაპზე ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ დირექტორებისა და პედაგოგებისთვის იქნება თუ არა განმსაზღვრელი ასაკი და საერთო სტაჟი. ახალი კანონმდებლობის მიხედვით, 2020 წლამდე დასაქმებული პედაგოგისთვის მოთხოვნები სხვა არის, რომელიც 2020 წლის შემდეგ დასაქმებულთათვის მკაცრდება.“

ლელა თევდორაშვილმა იმ მოთხოვნებზე ისაუბრა, რომელსაც მომავალში პედაგოგი უნდა აკმაყოფილებდეს.
„პიროვნება, აუცილებლად უნდა იყო პროფესიული განათლების მქონე და წარმატებით ჰქონდეს გავლილი განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ პედაგოგთა გადამზადების პროგრამა. იყო პერიოდი, როდესაც არამონათესავე განათლების მქონე პირებსაც შეეძლოთ ბაღში მუშაობის დაწყება. ამჯერად, ასე აღარ იქნება. მათ უნდა ჰქონდეთ ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი. ასევე შეიძლება იყოს - განვითარების ფსიქოლოგი, დაწყებითი განათლების პედაგოგი, ინკლუზიური განათლების სპეციალისტი, ინტერკულტურული განათლების მქონე, განათლების სოციოლოგი და ა.შ. მათაც თავისუფლად შეუძლიათ გაიარონ ტრენინგი და აღმზრდელ პედაგოგად იმუშაონ. ჩვენ 8 საბავშვო ბაღში გვყავს მეთოდისტი და მათაც მოუწევთ ტრენინგის გავლა, ასევე გახანგრძლივებული ჯგუფის აღმზრდელებსაც. ეს ყველაფერი უნდა დამთავრდეს პირველ სექტემბრამდე და უფრო ადრეც. ავტორიზაციას ვერ გაივლის ის ბაღი, ვისაც არ ეყოლება ასეთი პედაგოგები.“

ლელა თევდორაშვილის თქმით, აღმზრდელების გადასამზადებლად ბიუჯეტში თანხა უკვე განსაზღვრულია. როდესაც განათლების სამინისტრო გამოაქვეყნებს პროგრამას, გამოიკვეთება ორგანიზაციები, რომლებიც ტრენინგებს ჩაატარებენ.
„პერსონალმა უნდა შეძლოს, რომ პროგრამის შესაბამისად გაიაროს ტესტირება. ჩვენ მათ ყველანაირად შევუწყობთ ხელს. რაც შეეხება ტრენინგს, შეიძლება ერთ, ან ორ კვირას გაგრძელდეს. ეს პროგრამის მოცულობასა და სირთულეზე იქნება დამოკიდებული. ჩვენ აუცილებლად მოვითხოვთ, რომ ტრენერები ადგილზე ჩამოვიდნენ და სემინარები აქ გამართონ. “

მისივე თქმით, აღმზრდელების კონკურსში პირველ რიგში დასაქმებული კონტინგენტი მიიღებს მონაწილეობას.
„დირექტორების კონკურსში ნებისმიერს შეუძლია მონაწილეობის მიღება, თუკი შესაბამის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. რაც შეეხება აღმზრდელებს, ჯერჯერობით ისინი გადამზადდებიან, ვინც უკვე მუშაობენ. თუ ტესტირებას ვერ გაივლიან და არ ექნებათ დამადასტურებელი სერტიფიკატი, მაშინ გვექნება ვაკანსია. ეს ადამიანები შეიძლება პედაგოგად ვერ გადავიყვანოთ, მაგრამ გააგრძელებენ აღმზრდელად მუშაობას. გარეშე პირს, ვისაც კონკურსში მონაწილეობის სურვილი ექნება, ტრენინგებს ჩვენ არ დავუფინანსებთ, მათ გადამზადება საკუთარი ფინანსებით მოუწევთ. ამის შემდეგ კი, შესაძლებლობა ექნებათ, წარმოდგენილ ვაკანსიაზე განცხადება შემოიტანონ. მაღალი კონკურენციის პირობებში, რა თქმა უნდა, დასაქმდება ის, ვისაც ტრენინგი ექნება გავლილი. “

რაც შეეხება სერტიფიცირებული აღმზრდელ პედაგოგების ხელფასს, ლელა თევდორაშვილის თქმით, მისი ანაზღაურება სტატუსის მიღებისთანავე გაიზრდება. თანხას კი პრემიერ მინისტრი განსაზღვრავს. დანარჩენი ყველა თანამშრომლის ხელფასს გაერთიანება დაადგენს.
გაერთიანების დირექტორის თქმით, საზაფხულო არდადეგებამდე ყველა პროცედურა დასრულებული უნდა იყოს, რადგან ამ პერიოდში ბაღებმა ადგილობრივ თვითმმართველობებს უკვე ავტორიზაციის მოთხოვნით უნდა მიმართონ. პირველ ოქტომბრამდე ავტორიზაციის საკითხიც უნდა გადაწყდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბაღი მუშაობას შეწყვეტს.





| Print |
FaceBook Twitter Google