საზოგადოება
გურჯაანში მგზავრობა გაძვირდა
საწვავზე ფასის გაზრდის გამო, გურჯაანში ტაქსების მომსახურება 50 თეთრით გაძვირდა. ახალი ტარიფი პირველი იანვრიდან ამოქმედდა.
მგზავრობის ფასმა 1-დან 2 ლარამდე მოიმატა გურჯაანიდან თბილისის მიმართულებითაც.

-„გაზის ფასი ლამის 1.50 თეთრი გახდა და მგზავრობაც მაგიტომ გავაძვირეთ. რამე ხომ უნდა დაგვრჩეს, ჩვენ რაღა ვქნათ. მაგალითად, კარდენახამდე აქამდე თუ 1 ლარი ღირდა, ახლა 1.50 თეთრი გახდა. ყველა მიმართულებით 50 თეთრი მოემატა. სხვა გზა არ გვაქვს, ზარალზე ხომ არ ვივლით?!“- აღნიშნა ბონდო შანყულაშვილმა.

ტაქსის მძღოლი გიორგი ახალმოსულიშვილი არ გამორიცხავს, რომ მომსახურების ღირებულება კიდევ გაიზარდოს.

-„ხალხი გვეცოდება, მაგრამ რა ვქნათ. რულის ტრიალი კი არ გვეხალისება, ჩვენს უკან ოჯახები დგას. სოკარში დავრეკე და მითხრეს, შეიძლება ფასმა კიდევ მოიმატოსო. თუ მართლა მასე მოხდა, მგზავრობა უფრო გაძვირდება.“
მგზავრები კი ფასის ზრდას აპროტესტებენ.

-„ჭანდრამდე 50 თეთრად დავდიოდი, ახლა ერთი ლარი გახდა. ყველაფერი გაძვირდა, ხალხს ეს დიდ ტვირთად დაგვაწვა. რა გვეშველება არ ვიცით, ცუდ დღეში ვართ.“ -აღნიშნა მაია მახარაშვილმა.

ცნობისთვის, პირველი იანვრიდან ნავთობპროდუქტებზე აქციზის გადასახადი გაიზარდა. „საგადასახადო კოდექსში“ შესული ცვლილებების მიხედვით, აქციზის ღირებულება ბენზინის შემთხვევაში ერთ ტონაზე 250 ლარიდან 500 ლარამდე; დიზელზე - 150-დან 400 ლარამდე; გაზზე კი 1 000 კუბურ მეტრზე - 80-დან 200 ლარამდე გაიზარდა.
| Print |
FaceBook Twitter Google