საზოგადოება
პირადობის მოწმობის აღება 15 თებერვლიდან 31 ოქტომბრამდე უფასოა
იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, საარჩევნო სიის დახვეწის პროექტის ფარგლებში, პირადობის მოწმობის უფასოდ გაცემის აქცია დაიწყო.

15 თებერვლიდან 31 ოქტომბრამდე პირადობის მოწმობის აღებას უფასოდ შეძლებს მოქალაქეთა შემდეგი კატეგორია:
• რომელთაც არ გააჩნიათ არცერთი მოქმედი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პირადობის მოწმობა, პასპორტი);
• რომელთა რეგისტრაციის მისამართი ფიზიკურად აღარ არსებობს(არასრული/არარსებული ან ლიკვიდირებული მისამართი);
• მონაცემთა ბაზაში უსურათო/უხარისხო ჩანაწერის მქონე მოქალაქეები;
• რეგისტრაციიდან მოხსნილი საქართველოს მოქალაქეები;
• მისამართის გარეშე რეგისტრირებული პირები, თუ ისინი რეგისტრაციას გაივლიან იდენტიფიცირებად მისამართზე.

აქცია შეეხება სრულწლოვნებს და იმ პირებს, რომელთაც 18 წელი აქციის დასრულებამდე უსრულდებათ. დოკუმენტის გაცემისას მოქალაქეები თავისუფლდებიან როგორც საბუთის, ისე ფოტოსურათის გადაღებისათვის დაწესებული საფასურის გადახდისაგან.
პირადობის მოწმობის ასაღებად მოქალაქეებმა უნდა მიმართონ იუსტიციის სახლის ფილიალს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს ან საზოგადოებრივ ცენტრს.


უწყების ინფორმაციით, გასული წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის აქციის ფარგლებში 147 116-მა უსაბუთო და 10 063-მა რეგისტრაციიდან მოხსნილმა პირმა უფასოდ მიიღო პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები. ასევე, 2016 წლის 26 მაისიდან 26 ივნისამდე პირადობის ელექტრონული მოწმობების მიღება ყველა მოქალაქისთვის იყო უფასო, რა დროსაც 193 648 პირზე გაიცა ეს დოკუმენტი.
აქციის თაობაზე დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და იუსტიციის სახლის ვებგვერდებზე (sda.gov.ge; psh.gov.ge); სკაიპის მისამართსა (sda.gov.ge) და ტელეფონის ნომრებზე: 2 405 405 და 240 10 10.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები აქცია / პირადობა /