საზოგადოება
ქალის ხვედრი იორმუღანლოში
სოფელი ლამბალო, შუადღის სამი საათი. სოფლის წყაროზე ჩავდივართ. ცოტა ხანში თუნგმოკიდებული ქალი გვიახლოვდება. თავს ხრის და კითხვებზე ვერ გვპასუხობს, რადგან ქართული ენა კარგად არ ესმის.

მის ნაცვლად, იქვე, „ბირჟაზე“ მყოფი კაცები გვეუბნებიან, რომ თუნგში 20 ლიტრი წყალი ეტევა, ცარიელი კი 5 კილოგრამს იწონის. ამასობაში თუნგი აივსო და ქალი სახლისაკენ მიმავალ საცალფეხო ბილიკს გაუყვა.

წყაროდან ჩვენც სოფლისკენ მივდივართ. ქუჩაში პაპა და შვილიშვილი შევნიშნეთ და ქალების შრომასთან დაკავშირებით აზრს ვეკითხებით.მამაკაცი ოჯახში გვეპატიჟებადა გვეუბნება, რომ ამ საკითხზე მისი მეუღლე უკეთ დაგველაპარაკება.

55 წლის ფატიმა ალიხანოვა სოფელ ლამბალოში ცხოვრობს, 19 წლის გათხოვდა, დედოფლისწყაროში, ქართული სკოლა დაამთავრა. როგორც გვეუბნება კარგად სწავლობდა, ნანობს, რომ უმაღლეს სასწავლებელში არ ჩააბარა და ახლა პროფესია არ აქვს.

გვიყვება, რომ დილით, ადგომისთანავე, საუზმის მომზადებას იწყებს. ორივე შვილიშვილს გაამზადებს, აჭმევს და სკოლაში აცილებს. შემდეგ სხვა საქმეებს შეუდგება. რამდენიმე დღეში ერთხელ პურის გამოცხობაც უწევს. ეზოში წყალი არ მოდის, ამიტომ ზოგჯერ ბიდონით ეზიდება. თუნგიც აქვს, მაგრამ აღარ იყენებს, ამბობს, რომ ძალიან მძიმეა, ზამთარში კი - ცივი. წყლის ზიდვა, რომ მათ თემში მაინცდამაინც ქალის მოვალეობად ითვლება, ეს არ მოსწონს, არასწორად მიაჩნია. ამბობს, რომ გაუმართლა, რადგან წყაროზე ხშირად ქმართან ერთად, მანქანით მიდის. ეს მამაკაცისთვის შეურაცხმყოფელი არ არის.

-„ქალაქში არ ვიცი როგორ ხდება, მაგრამ სოფელში ნამდვილად ბევრი საქმეა. ზოგჯერ ქალებს მუხლის ჩახრის საშუალებაც არ გვაქვს. უწყლოობის გამო ბოსტანს ვერ ვამუშავებთ, სამაგიეროდ მინდორში, ფერმაზე ვარ ხოლმე. ახლა შვილიშვილები სკოლაში დადიან და მიხედვა სჭირდებათ, ამიტომ ბინაში ჩემი შვილი და რძალი არიან. მერე მეც ჩავაკითხებ.“

ლამბალოს შემდეგ, სოფელიორმუღანლოში ვჩერდებით, წყაროსთან აქაც მხოლოდ ქალები შეკრებილან. 60 წლის ჰაჯარ ომაროვას წყალი რამდენიმე ხუთლიტრიანი ბიდონით მიაქვს.

როგორც გვიყვება, მისი დილა ადრიანად იწყება. პურის გამოცხობა, წყლის ზიდვა, სარეცხის რეცხვა, სახლის დალაგება, შინაური ფრინველების მოვლა, - ეს იმ საქმიანობის არასრული ჩამონათვალია, რასაც ყოველდღიურად აკეთებს. როდესაც ყველაფერს მიხედავს, შემდეგ სადილისთვისაც იცლის. ამბობს, რომ მათთან ქალის შრომა მძიმეა. როცა საქმეს მოამთავრებენ, მზიან დღესეზოში იკრიბებიან, სამოვარს შემოდგამენ და ჩაის შეექცევიან.

17 წლის გათხოვდა, მეუღლე რომ დაეღუპა, მისი ვაჟი ხუთი წლის იყო, ამიტომ ოჯახის ტვირთი თავად იკისრა. ახლა სამნი არიან, შვილი, რძალი და თვითონ.
-„ქალები ქათმებსა და ინდაურებს ვუვლით, ბოსტანშიც ვმუშაობთ, წყალს ხან თუნგებით, ხან ვირითა და ხანაც ბალონებით ვეზიდებით. კაცმა ხელით რომ მოიტანოს წყალი, დიდი სირცხვილია, არ ვიცი, რატომ, მაგრამ ეს ჩვენი ადათია. ასე 10-12 წლის ბიჭს შეუძლია წყლის ხელით ზიდვა მაგის მერე აღარ. ჩვენი ოჯახიდან წყაროზე მე და ჩემი რძალი დავდივართ.“

არასამთვარობო ორგანიზაცია „ვეჟინის“ აღმასრულებელი დირექტორი ლაურა ხარიტონიშვილი კარგად იცნობს თემში არსებულ გენდერულ პრობლემას. ამის მიზეზად სტერეოტიპებსა და მოძველებულ ტრადიციებს ასახელებს.
- „ქალები ძირითადად სოფლის მეურნეობაში და საჯარო სკოლებში არიან დასაქმებულები. ადმინისტრაციულ სამსახურებში კი, - ნაკლებად. აქ ასევე პრობლემად რჩება ადრეული ქორწინება. გათხოვების შემდეგ გოგონები სკოლას ვეღარ ამთავრებენ, ვერ იძენენ შესაბამის ცოდნას. დედები ადრეულ ასაკში ხდებიან და მხოლოდ ოჯახური საქმეებით შემოიფარგლებიან. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ცნობიერების ამაღლება, რათა ქალები აქტიურად ჩაერთნენ საზოგადოებრივ საქმიანობაში და თავისი როლი ჰქონდეთ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. გენდერული ცნობადობის ნაკლებობა აზერბაიჯანულ თემებში, რა თქმა უნდა, უფრო მეტად იგრძნობა. ეს ტრადიციებსა და სტერეოტიბებს უკავშირდება. მინდა აღვნიშნო, რომ ამ საკითხზე ბევრი ორგანიზაცია მუშაობს, თუმცა ამას პერმანენტული ხასიათი უნდა ჰქონდეს. შეხვედრები არა მარტო ქალებთან, არამედ კაცებთანაც უნდა ჩატარდეს, ორივემ უნდა გაიგონ, რომ მათ თანაბარი უფლებები აქვთ. ვფიქრობ, საჭიროა ამ თემაზე მუშაობა ადრეული ასაკიდან, სკოლის პერიოდიდანვე. ისე უნდა ჩამოყალიბდნენ ახალგაზრდები, რომ სტერეოტიპები თავიდანვე დაძლიონ.“

საქართველოს მასშტაბით, კაცებთან შედარებით, სოფლად მცხოვრები ქალები საშუალოდ 80 დღით მეტს მუშაობენ მიწათმოქმედებასა და მეცხოველეობაში. ისინი ასევე არიან ოჯახის წევრების მთავარი მომვლელები და საოჯახო საქმიანობაც უმეტესწილად, სწორედ, მათ ეკისრებათ.არსებული ტრადიციული გენდერული შეხედულებების გამო, ნაკლებად არიან ჩართული სხვადასხვა აქტივობებში. ამის შესახებ კომპანია „ეს-სი-თის“ მიერ, გაერო-ის ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მხარდაჭერით ჩატარებულ კვლევაშია საუბარი, რომელმაც 2015 წლის აგვისტოდან 2016 წლის თებერვლამდე პერიოდი მოიცვა.

-„ისეთი საოჯახო საქმეები, როგორიცაა საჭმლის მომზადება, სარეცხისა და ჭურჭლის რეცხვა და დაუთოება - ქალის მოვალეობაში შედის. კვლევის სამიზნე რეგიონებში არ გამოვლენილა ჭურჭლის სარეცხი მანქანის ფლობის არც ერთი შემთხვევა. ქალები ამბობენ, რომ ჭურჭლის რეცხვა და დაუთოება მუდმივად მათ უწევთ და ამას „დაუსრულებელ სამუშაოს“ უწოდებენ. იგივე შეიძლება ითქვას საჭმლის მომზადებაზეც. გამოკითხული რესპონდენტების 5%-ს სახლში სასმელი წყალი არ აქვს, ხოლო 14.5%-ს არასასმელი წყალიც კი არ აქვს. საშუალო პროცენტული მაჩვენებელი ყველა რეგიონს არ წარმოადგენს, რადგან ქვემო ქართლის რეგიონში მოსახლეობის დიდი ნაწილი 73.3% სახლში წყლის სისტემის არარსებობას უჩივის“, - ვკითხულობთ კვლევაში.

კვლევამ აჩვენა, რომ დღის განმავლობაში შრომაზე დახარჯული საათების რაოდენობა რეგიონების მიხედვით განსხვავდება.
სამეგრელოში ქალები კაცებზე 2.5 საათით მეტ შრომობენ, ქვემო ქართლში - 3 საათით, აჭარაში - 3.5 საათით, სამცხე-ჯავახეთში - 4 საათით, ხოლო კახეთში - 8 საათით მეტს.


სტატიის აზერბაიჯანული ვერსია




| Print |
FaceBook Twitter Google