საზოგადოება
საია- "უსახელო ხევი“ თელავის მოსახლეობას საფრთხეს უქმნის
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურში მდებარე უსახელო ხევი საფრთხეს უქმნის მოსახლეობას- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს.
მათი ცმობითვე, ხევი გადავსებულია ნაგვითა და გრუნტით, ვეღარ ატარებს ნალექის შედეგად მოვარდნილ ნაკადს და დაგუბებული წყალი სოფლის მცხოვრებლებს სახლებში უვარდებათ, ნადგურდება ნათესები.

-"წლების განმავლობაში სოფლის მოსახლეობა სისტემატურად მიმართავდა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს და პრობლემის მოგვარებას სთხოვდა, თუმცა ვერა და ვერ ხერხდებოდა ადგილობრივი ბიუჯეტიდან შესაბამისი რესურსის გამოძებნა. მართალია, ამ პერიოდში რამდენჯერმე მოხდა ხევის გარკვეული მონაკვეთის გაწმენდა დაგროვილი ნარჩენებისაგან, თუმცა ამან შედეგი ვერ გამოიღო. არხის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენებისა და გრუნტის მთები წარმოიქმნა, რომლებიც არხის წყლით გავსების და დატბორვის საშიშროების გარდა, აუტანელ ანტისანიტარიულ პირობებს ქმნიდა სოფლის ტერიტორიაზე."

საია-ს ინფორმაციით, პრობლემის მოსაგვარებლად, მოსახლეობასთან არაერთი სამუშაო შეხვედრა ჩაატარეს, რის შედეგადაც თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, ქალაქის მერიასთან ერთად, ხევის რეაბილიტაცია-მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა. ამჟამად ხევზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც ევროპის საინვესტიციო ბანკისგან (EIB) „ურბანული რეკონსტრუქციის და განვითარების პროექტის“ (URDP) ფარგლებში მიღებული თანხით დაფინანსდა. პროეტის ღირებულება 2 მილიონ ლარს შეადგენს.


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ხევი / საია / თელავი /