საზოგადოება
გურჯაანის საკრებულოში ორი ახალი ფრაქცია შეიქმნა
დღეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგ სხდომაზე, ორი ფრაქციის გაუქმებისა და ახალი ფრაქციების დაფუძნების საკითხი განიხილეს.

იმის გამო, რომ საკრებულოს წევრები სხვა პარტიებში გადანაწილდნენ, ორმა ფრაქციამ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ქრისტიან კონსერვატორებმა“ ფუნქციონირება შეწყვიტა. მათ მაგივრად შეიქმნა „გურჯაანის ხმა“ და „მოძრაობა თავისუფლებისათვის-ევროპული საქართველო.“
„მოძრაობა თავისუფლებისათვის-ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის ვალერი ბარნაბიშვილის თქმით, ახალი ფრაქციის ჩამოყალიბება ბოლო დროს „ნაციონალურ მოძრაობაში“ განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე გახდა საჭირო.
„როდესაც პარტია ორ ნაწილად გაიყო, ჩვენ საკრებულოს დეპუტატებს, აზრთა სხვადასხვაობიდან გამომდინარე, მოგვიწია არჩევანის გაკეთება. საკრებულოში გამომიჩნდნენ თანამოაზრეები და შევქმენით ოპოზიციური ფრაქცია. რასაც ადრე ვაკეთებდით ისევ იმას გავაკეთებთ. ყურადღებას მივაქცევთ აღმასრულებელი ხელისუფლების მოქმედებას, განვახორციელებთ მათ მონიტორინგს და კონტროლს. გვექნება ახალი ინიციატივები .“

„გურჯაანის ხმის“ თავმჯდომარის ნიკა ნიჟარაძის განმარტებით, ის თანამოაზრეებთან ერთად, აქტიურად განაგრძობს მუშაობას.
„ჩემთვის მიზნები უცვლელია. ისევ ვიქნები „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი საკრებულოში. ამ პარტიის სიით ვარ გასული და მოსახლეობამ მხარი დამიჭირა, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს. შესაბამისად, ამ კუთხით ვაგრძელებ მუშაობას. გასულ წელს საკმაოდ მნიშვნელოვანი ინიციატივები გვქონდა. რომ გითხრათ, იქიდან ყველა გაითვალისწინა საკრებულომ, მოგატყუებთ, თითქმის, ყოველთვის იბლოკებოდა. მიუხედავად ამისა, ნაწილობრივ მაინც მივაღწიეთ შედეგს. ის, რომ საცურაო აუზისთვის თანხა გამოიყო მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, მეტწილად ჩვენი მიღწევაა. მომავალშიც იგივე შემართებით განვაგრძობთ მუშაობას.“

„მოძრაობა თავისუფლებისათვის-ევროპული საქართველო“ სამი წევრისგან შედგება: ვალერი ბარნაბიშვილი, ალექსანდრე ზირაქაშვილი და მიშიკო ბეჟანიშვილი. ასევე სამი წევრითაა დაკომპლექტებული ფრაქცია „გურჯაანის ხმაც“: ნიკა ნიჟარაძე, თემურ ბუწაშვილი და ზაქარია იაგანაშვილი.


| Print |
FaceBook Twitter Google