საზოგადოება
ცალი ხელით სად ვიმუშაო, აქეთ მე მჭირდება მომვლელი - მარტოხელა შშმ პირს სოციალური დახმარება შეუწყვიტეს [Video-ინფოგრაფიკა]
68 წლის ელენე ხმალაძე გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში, მარტო ცხოვრობს. მარჯვენა ხელი 1977 წელს მოკვეთეს, რის გამოც მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი აქვს და პენსიასაც იღებს.
2009 წელს 14 წლის შვილიშვილი დაეღუპა, სტრესის გამო, მეუღლე დაავადდა და 2011 წელს გარდაიცვალა.

სოციალურ შემწეობას 2006 წლიდან იღებდა. გასული წლის დეკემბრის თვეში ნაღვლის ბუშტი ამოკვეთეს. ერთ კვირში სოციალურმა აგენტმა შეამოწმა და დახმარება შეუწყდა. როგორც თავად ამბობს, მიზეზი საცხოვრებელი ფართი გახდა.

საჭმელს დამოუკიდებლად ვერ ამზადებს, ხანდახან მეზობლები თუ მიეხმარებიან. ამბობს, რომ სარეცხის მანქანა განვადებითაც კი ვერ შეიძინა და ტანსაცმელს გაჭირვებით, ფეხის დახმარებით რეცხავს.

„ზამთარ-ზაფხულს წყალში მაქვს ფეხები, აბა ჭუჭყიანი ხომ ვერ ვივლი?! ვფიქრობდი, იქნებ სარეცხის მანქანა განვადებით მაინც მეყიდა, მაგრამ ახლა მაგასაც ვერ შევძლებ.“

ელენე ხმალაძე გვეუბნება, რომ ზამთრის უმეტესი ნაწილი სიცივეში გაატარა, შემდეგ საკუთარ ბოსტანში კაკლის ხე ახლობელს მოაჭრევინა.
ოპერაცია რომ გაიკეთა, პენსია წინსწრებით გამოიტანა, ამიტომ აპრილამდე ვეღარ აიღებს.

-„სად წავიდე, ცალი ხელით სად ვიმუშაო?! აქეთ მე მჭირდება მომვლელი. ოპერაციის შემდეგ კონსულტაცია დამინიშნეს, მაგრამ ფული არ მაქვს, რომ ექიმთან წავიდე და გავესინჯო. ჩემი პენსია წამლებში არ მყოფნის. 60 ლარს დამხარებას რომ ვიღებდი, ცოტა შეღავათი იყო. მხოლოდ ორი ქათამი მყავს. ფართი დიდიაო, მითხრეს, რას მიშველის სახლი, რა, ფულს მაძლევს თუ საჭმელი მოაქვს, ცარიელი კედლები ვლოკო?! სოფელია და სახლს ვერც კი გავაქირავებ, ხალხმა თავიანთი საცხოვრებლები დატოვა, ჩემი ვის რად უნდა?! მეორე სართული ჩემი შვილისაა. პირველ სართულზე ერთ პატარა ოთახში ვცხოვრობ, იატაკიც არ მაქვს, ცემენტია.“

სოციალური მომსახურების სააგენტოს საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი ტატა გამყრელიძე ამბობს, რომ დახმარების შეწყვეტაზე ბევრი კომპონეტი ერთობლივად ახდენს გავლენას.

„მიზეზი მაღალი სარეიტინგო ქულა გახდა. ერთი რაიმე კონკრეტული ფაქტორის დასახელება, რამ განაპირობა ეს - შეუძლებელია. ყველაფერი ერთად იყრის თავს. ქალბატონს დეკლარაციაში მითითებული აქვს საკმაოდ მოზრდილი საცხოვრებელი ფართობ, ასევე დამხმარე ნაგებობები. ის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია, თუმცა საპენსიო ასაკისაა და სახელმწიფოსგან ფულად შემწეობას იღებს. ორი გარეთ მცხოვრები შვილი ჰყავს, რომელიც მის პოტენციურ დამხმარედ ითვლება.“

ელენე ხმალაძის თქმით კი, მისი ქალიშვილი შშმ პირია, იმავე სოფელშია გათხოვილი და თავადაც სოციალურად დაუცველია. რაც შეეხება მის ვაჟს, თბილისში ქირით ცხოვრობს, რადგან შვილი ყრუ ჰყავს და სპეციალურ სკოლაში დაჰყავს.

ის მოქალაქეები, რომლებიც სოციალური დახმარების გარეშე დარჩნენ, „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ კონსულტაციისთვის ხშირად მიმართავენ. კახეთის ოფისის კოორდინატორის ლია ხუროშვილის განცხადებით, მეთოდოლოგია, რის მიხედვითაც სარეიტინგო ქულა განისაზღვრება, გადასახედია.




"ბოლო პერიოდში ჩვენთან მიმართვიანობა შემცირდა, თუმცა იყო პერიოდი, როდესაც მოქალაქეები ინტენსიურად გვაკითხავდნენ. მათ ვეხმარებოდით განცხადებების მომზადებაში, რომელსაც სამინისტროში აგზავნიდნენ. უნდა აღინიშნოს, რომ შედეგი მაინც არ ყოფილა. სოციალური შემწეობა, მოგეხსენებათ, დიფერეცირებულად ინიშნება. ვინც მცირე თანხას ჩიოდა, გადამოწმების შემდეგ, ზოგმა ისიც კი დაკარგა. ძირითადი ფაქტორი, რაზეც მომართვა ხდებოდა, იყო ის, რომ ქულების დანიშვნის დროს ყურადღება ენიჭება საცხოვრებელი სახლის ფართს, რაც არასწორია. არ ხდება დიფერენცირება, თუ რა მდგომარეობაშია საცხოვრებელი და რომელ წელსაა აშენებული. ეს მეთოდოლოგია ნამდვილად არ არის სამართლიანი და გადახედვას საჭიროებს. შეიძლება, ფართი პრობლემასაც კი უქმნიდეს ადამიანს, რადგან ზოგჯერ მთელი ცხოვრება მის გარემონტებას ვერ ახერხებს."

რა ბედი ელის ელენე ხმალაძეს, ეს ჯერჯერობით უცნობია. ის თვლის, რომ დახმარება უსამართლოდ შეუწყვიტეს. ამიტომ საქართველოს ჯანმრთლობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოსა და საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის, ზაზა სოფრომაძის სახელზე ხელახალი გადამოწმების მოთხოვნით წერილი გააგზავნა და ახლა პასუხს ელოდება.


| Print |
FaceBook Twitter Google