საზოგადოება
პრემიერი თუშეთში მესაზღვრეებს შეხვდა
დღეს, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველო-რუსეთის საზღვარზე, ომალოს სასაზღვრო სექტორზე იმყოფებოდა.
პრემიერი შსს-ს სასაზღვრო პოლიციის მე-5 სამმართველოს (ლაგოდეხი) მე-7 სასაზღვრო სექტორის მესაზღვრეებს შეხვდა და მათ სამუშაო პირობებს ადგილზე გაეცნო.

"თქვენ დგახართ ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოების სადარაჯოზე და საქართველოს მიწა-წყალს იცავთ. არ არსებობს ამაზე საპატიო მისია, ვიდრე ემსახურო შენს ქვეყანას. თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის ერთგული გუშაგები. საქართველოს სახელით, მადლობას გიხდით სამშობლოს სამსახურისთვის, ჩვენი სიმშვიდისთვის. გისურვებთ დღეგრძელობას, საქართველოს გაძლიერებას, თქვენი ოჯახების კეთილდღეობას," - განაცხადა პრემიერმა მესაზღვრეებთან შეხვედრისას.

დღესვე საქართველოს პრემიერ-მინისტრი დიკლოში იმ მესაზღვრეებს შეხვდა, რომლებიც N7 სასაზღვრო სექტორის დროებით სასაზღვრო პოსტზე მსახურობენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სასაზღვრო პოლიცია მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს ხუთწლიან მოდერნიზაციის, სტანდარტიზაციისა და უნიფიკაციის პროგრამას, რომელიც მიზნად ისახავს სასაზღვრო პოლიციის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვას, ინფრასტრუქტურის განახლებას, საზღვაო ფლოტისა და ავიაციის საშუალებების მოდერნიზაციას.

ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მხარდაჭერით, განახლდა სატრანსპორტო საშუალებები, პერსონალური აღჭურვილობა, გაუმჯობესდა სასაზღვრო პოლიციის კომუნიკაციისა და ინფორმაციის სისტემები.


| Print |
FaceBook Twitter Google