საზოგადოება
გურჯაანში პოლიციელებს ძალადობის თემაზე ტრენინგი ჩაუტარდათ
"ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის“ ორგანიზებით, დღეს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის რამდენიმე რაიონული სამმართველოს თანამშრომელს ოჯახში ძალადობის თემაზე ტრენინგი ჩაუტარდა.
შეხვედრა გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით მოეწყო.

-„მნიშვნელოვანია, რომ ამ ტრენინგებს დიდ როლს ანიჭებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ვინაიდან ოჯახში ძალადობის პრევენციის მნშვნელოვანი ნაწილი სწორედ პოლიციას ეკუთვნის. მსხვერპლი პირველად დასახმარებლად სამართალდამცველს მიმართავს. მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ამ ადამიანებთან, რადგან გაცნობიერებული გვაქვს მათი როლი. გარდა იმისა, რომ ისინი კანონის აღმასრულებლები არიან, საინტერესოა მათი განწყობაც. საზოგადოების დამოკიდებულება ყველამ კარგად ვიცით, თუ საცემი არ იყო, ვინ ცემდა, თუ ქალი კარგად იქცევა, ვინ იძალადებს მასზე?! პოლიციაც საზოგადოების ნაწილია, ხომ ვერ ვიტყვით, რომ ისინი განსხვავებულები არიან. სამართალდამცველები ხშირად იძულებულები არიან კანონი აღასრულონ, თუმცა შინაგანად არ ეთანხმებიან. ამიტომ მათთანაც საჭიროა მუშაობა და ცნობიერების ამაღლება.“-აღნიშნა speqtri.ge-სთან "ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის“ რეგიონულმა კოორდინატორმა ელისო ამირეჯიბმა.

მისივე ინფორმაციით, თუ შემაკავებელ ორდერების რაოდენობის მიხედვით ვიმსჯელებთ, ბოლო პერიოდში ოჯახში ძალადობის შემთხვევები გაიზარდა.

„ასეთი ძალადობა ყოველთვის იყო, თუმცა მიმართვიანობამ სამართალდამცველებისადმი მოიმატა. საზოგადოება ხედავს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო აჟღერებს თავის მზაობას ადეკვატური რეაგირებისთვის. ვფიქრობთ, კარგი იქნება თუ მსგავსი მიდგომა ექნება პროკურატურას და სასამართლოსაც. აღნიშნული უწყებები ერთ ენაზე უნდა საუბრობდნენ.“

მსგავსი ტიპის შეხვედრები პერიოდულად სხვადასხვა მუნიციპალიტეტებშიც გაიმართება.
ცნობისთვის, „ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი“ რამდენიმე წელია აღნიშნულ თემაზე მუშაობს, არის სხვადასხვა კანონპროექტების ავტორი, ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს კამპანიაში „ძალა ნდობას.“
| Print |
FaceBook Twitter Google