საზოგადოება
დასუფთავების აქცია გურჯაანში [Photo]
დღეს გურჯაანის მუნიციპალიტეტში, არასამთავრობო ორგანიზაცია „ერთობას“ ორგანიზებით, დასუფთავების აქცია მოეწყო, რომელსაც ახორციელებდა ჯგუფი „დარგე შენი გულისთვის“.

აქციის, ფარგლებში, რომლის სლოგანიცაა „შენი ქალაქი შენი სახეა“, ახალგაზრდებმა დაასუფთავეს სამების ტაძრის, ნონეშვილის გამზირისა და კურორტ ახტალის ტერიტორიები.

აქციის ორგანიზატორებს დახმარება გაუწია გურჯაანის ნაყინმა (მაისურებით) და მუნიციპალიტეტის გამგეობამ (ინვენტარით).

იდეის ერთ-ერთი ავტორი გიორგი თარხნიშვილი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ დღემ წარმატებით ჩაიარა.
“იდეა მაშინ გამიჩნდა, როდესაც ახტალის კურორტზე დანაგვიანებული ტერიტორია ვნახე და ჩემს გუნდს შევთავაზე დასუფთავების აქცია მოგვეწყო. ჩვენი ჯგუფის წევრების გარდა, ამ ღონისძიებაში მოხალისეებიც ჩაერთვნენ, რომელთა რაოდენობაც საკმაოდ ბევრი იყო. ასეთ აქტიურობას არ ველოდი.“

არასამთავრობო ორგანიზაცია „ერთობას“ აღმასრულებელი დირექტორი გიორგი გაბუნია Speqtri.ge -სთან საუბარში ამბობს, რომ შედეგებით კმაყოფილია.
„აქციის ერთ-ერთი მიზანი ის არის, რომ ახალგაზრდებმა, რომლებიც დღეს ჩვენთან ერთად ასუფთავებენ, ხვალ აღარ დაყარონ ნაგავი. “ერთობას“ ეკოლოგიის გარდა, აქვს შექმნილი სხვადასხვა ჯგუფები, რომლებიც ინტენსიურად გეგმავენ და ანხორციელებენ ამა თუ იმ პროექტს, ეს ჯგუფებია: მკითხველთა კლუბი, რომელშიც მონაწილე ბავშვები კითხულობენ წიგნს და შემდეგ განიხილავენ, ველოკლუბი სადაც ტარდება შეჯიბრებები ველოსიპედით და ასე შემდეგ. მსგავს ღონისძიებებს ახლო მომავალშიც ვგეგმავთ.“

არასამთავრობო ორგანიზაცია „ერთობას“ პრეზიდენტი, გურჯაანის სამების ტაძრის მღვდელი მამა ვაჟა სონღულაშვილი ამბობს, რომ დასუფთავების იდეამ მრავალი ახალგაზრდა გააერთიანა.
„მოზარდებმა დაასუფთავეს გურჯაანი. ამდაგვარი აქციები ადრეც ხშირად გაკეთებულა: ზღუდრებში, დავით გარეჯში და ჭერემში. რაგბის, ფეხბურთისა და მკითხველთა კლუბები შემოგვიერთდნენ და ერთიანი ძალებით დავასუთავეთ გარემო.“

არასამთავრობო ორგანიზაცია „ერთობა“ და მასთან არსებული ჯგუფი „დარგე შენი გულისთვის“ მომავალში გამწვანების აქციასაც გეგმავს, რომლის ფარგლებშიც ქალაქის სხვადასხვა ტერიტორიაზე ხეები დაირგვება.

| Print |
FaceBook Twitter Google