საზოგადოება
კარდენახში მარტოხელა მოხუცს სოციალური დახმარება შეუწყვიტეს

78 წლის ნაზიკო ხელაშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში ცხოვრობს. მარტოხელა მოხუცი სოციალურ დახმარებას ორი წლის განმავლობაში იღებდა. გასულ თვეს აგენტმა გადაამოწმა და შემწეობა აღარ დაენიშნა.

2013 წელს სტიქიამ დააზარალა. ხევის წყალმა სახლში კორიდორი ისე დატბორა, გარეთ რომ გამოსულიყო კარი ცულით გაჩეხა. ყველაფერი ისე განადგურდა, ლოგინიც კი აღარ დარჩა.

-„იატაკი ჩანგრეულია, სახლის კედლები გაბზარულია და შეკეთების თავიც არ მაქვს. მაისში ორი წელი გახდებოდა, რაც დახმარება დამინიშნეს. მარტში მოვიდნენ და გადამამოწმეს. ახლა გურჯაანის სოციალურ სააგენტოს მივაკითხე და მითხრეს, აღარ გეკუთვნის, მაღალი ქულა გაქვსო. არადა, არაფერი შემიძენია, ისევ ის ქონება მაქვს, რაც აქამდე. კუხნა და კორიდორი ცემენტიანია, ერთ ოთახში, სადაც აქამდე მეძინა, იატაკი ჩალპა, კედლები 2013 წელს სტიქიამ ჩამოანგრია. მაშინ ფანჯრებიც ჩამოიმტვრა და იმის საშუალებაც არ მაქვს მინები მაინც ჩავსვა.“

ოთხი შვილი ჰყავს, ორი ბიჭი და ორი გოგო. როგორც ქალბატონი ნაზიკო გვიყვება, მათაც უჭირთ, ამიტომ დედას ვერ ეხმარებიან.

-„თვეში 100 ლარის წამლები მჭირდება, წნევები და გულის არითმია მაქვს. შაქრიანი დიაბეტიც მჭირს, ინსულინზე ვარ და განგრენის ნიშნები დამეწყო. 60 ლარს რომ ვიღებდი შეღავათი იყო, ცოტა საჭმელს მაინც ვყიდულობდი ხოლმე. აპრილის თვე წინსწრებით მქონდა გამოტანილი, რაკი შემწეოება შემიწყდა, ახლა პენსიასაც ვერ ავიღებ. არ ვიცი რა უნდა ვქნა. ქვეყნის წამლები მჭირდება, ამის დასამტკიცებლად, ფორმა ასიც მივიტანე სააგენტოში.“

როგორც სხვა მსგავს შემთხვევებში, სოციალური მომსახურების სააგენტოში ამბობენ, რომ სარეიტინგო ქულის ფორმირებაში გავლენას ყველა კომპონენტი ახდენს.

-„მისი სარეიტინგო ქულა მცირედით, მაგრამ მაინც სცდება თანხის მიღებისთვის საჭირო ზედა ზღვარს- 65 000 ქულას. ოჯახის დეკლარაციაში ბევრი მონაცემი იწერება, რაც წარმოდგენას ქმნის ოჯახის საჭიროებასა და სოციალურ- ეკონომიკურ მდგომარეობაზე. შესაბამისად, ვერ გამოვყოფთ რომელიმე მონაცემს, რომელმაც გავლენა მოახდინა ქულაზე. ნაზიკო ხელაშვილს უფიქსირდება ოროთახიანი სახლი, მცირე მიწის ნაკვეთი, პატარა შინამეურნეობა, კომუნალური ხარჯები, იღებს ასაკით პენსიას და ასევე ჰყავს 4 გარეთ მცხოვრები შვილი, რომლებიც მის პოტენციურ დამხმარეებად ითვლებიან. ასევე აქვს საყოველთაო ჯანდაცვის მიზნობრივი პაკეტი.“- აღნიშნა speqtri.ge-სთან სოციალური მომსახურების სააგენტოს საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამმართველოს უფრომა ტატა გამყრელიძემ.

რა ბედი ელის მარტოხელა მოხუცს, ჯერჯერობით გაურკვეველია. ნაზიკო ხელაშვილი აპირებს, სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელახალი გადამოწმების მოთხოვნით კიდევ მიმართოს.


ამავე თემაზე:
ცალი ხელით სად ვიმუშაო, აქეთ მე მჭირდება მომვლელი - მარტოხელა შშმ პირს სოციალური დახმარება შეუწყვიტეს [Video-ინფოგრაფიკა]

ფორმულა ითვლის... [Video]

არჩევანის წინაშე- სამსახური, თუ სოციალური დახმარება?! [Video-Photo]



| Print |
FaceBook Twitter Google