საზოგადოება
რა სანქციები დაეკისრება საჩუქრის მიმღებ საჯარო მოხელეს

2017 წლის 1 ივლისიდან საჯარო მოსამსახურეებს და ხელმძღვანელ თანამდებობაზე მყოფ პირებს საჩუქრის მიღება შეეზღუდებათ- შესაბამისი დადგენილება მთავრობამ გუშინ მიიღო.

დადგენილების მიხედვით, საჯარო მოსამსახურე ვალდებულია თავიდან აირიდოს ისეთი საჩუქარი, რომელმაც შესაძლოა, გავლენა მოახდინოს მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებაზე, ან ეჭვქვეშ დააყენოს მისი კეთილსინდისიერება და ანგარიშვალდებული გახადოს საჩუქრის მიმცემის წინაშე.

საჯარო მოსამსახურის მიერ წლის განმავლობაში ერთი წყაროდან მიღებული საჩუქრების ჯამური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მისი თანამდებობრივი სარგოს წლიური ოდენობის 15%-ს. ერთჯერადად, ერთი წყაროდან მიღებული საჩუქრის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს მისი თანამდებობრივი სარგოს წლიური ოდენობის 5%-ს.

როგორც საქართველოს ახალგაზრდა იურსტთა ასოციაციის იურისტი ნინო ცუხიშვილი ამბობს, ახალი ჩანაწერი მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორექციის შესახებ კანონი, საკმაოდ ბუნდოვნად განმარტავს საჩუქრის მიღების წესს.

-„ეთიკის კოდექსმა დამატებით შემოიტანა რეგულირება, თუ რა შემთხვევაში არ შეიძლება ჩაითვალოს საჯარო მოხელის მიერ მიღებული საჩუქარი დარღვევად. მაგალითად, აკრძლალული არ არის თუ საერთაშორისო ორგანიზაცია ან საჯარო დაწესებულება, საჯარო მოხელის ტრენინგს დააფინანსებს. ასევე დაშვებულია, ისეთი ტიპის საჩუქარი, რომელიც გარკვეულწილად ტრადიციას წარმოადგენს. მაგალითად უბედური შემთხვევის დროს, თანამშორმლების მიერ კოლეგის დახმარება. ახალი ჩანაწერი ამბობს, რომ თანამდებობის პირმა მის დაქვემდებარებაში მყოფისგან არ უნდა მიიღოს საჩუქარი, თუ ეს წარმოშობს ეჭვს, რომ შემდეგში ის პიროვნება სხვადასხვა უპირატესობით ისარგებლებს..

ნინო ცუხიშვილის თქმითვე, თუკი საჯარო მოხელე დადგენილ წესს დაარღვევს, შესაძლოა ეს დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძველი გახდეს.

-„თუ ისეთი ტიპის საჩუქარი მიიღეს, რომელიც შეზღუდულია, საჯარო მოხელეებს აქვთ ვალდებულება, საჯარო სამსახურის ბიუროს აცნობონ და საჩუქარი უკან დააბრუნონ. თუ მოხელეს ისეთი ტიპის საჩუქარს აჩუქებენ, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინიოს სამსახურებრივი საქმიანობის მიუკერძოებლად შესრულებაზე, შესაძლოა მის მიმართ დისციპლინური წარმოება დაიწყოს.“

საჯარო სამსახურის შესახებ კანონის 79-ე მუხლის თანახმად, იმ თანამდებობის პირმა ან დაწესებულებამ, რომელსაც აქვს მოხელის თანამდებობაზე დანიშვნის უფლება, გადაცდომისთვის შეიძლება გამოიყენოს დისციპლინური პასუხისმგებლობის შემდეგი ზომები:
ა) შენიშვნა;
ბ) გაფრთხილება;
გ) არა უმეტეს ათი სამუშაო დღის ხელფასის დაკავება;
დ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან ჩამოშორება ხელფასის გაცემის შეჩერებით – არა უმეტეს ათი სამუშაო დღისა;
ე) უფრო დაბალი თანრიგის თანამდებობრივ სარგოზე გადაყვანა – არა უმეტეს ერთი წლისა;
ვ) სამსახურიდან გათავისუფლება ამ კანონის საფუძველზე.

ცნობისთვის, ერთი დისციპლინური გადაცდომისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს ზემოთ ჩამოთვლილი პასუხისმგებლობის მხოლოდ ერთი ზომა.

| Print |
FaceBook Twitter Google