საზოგადოება
meydan.tv-ის ჟურნალისტი რადიო „ივრისის“ შესახებ
იორმუღანლოს სათემო რადიო „ივრისის“ სამუშაო ჯგუფის მორიგ შეხვედრას, რომელიც 29 აპრილს შედგა, meydan.tv-ის ჟურნალისტი ჯავიდ აბდულაევიც ესწრებოდა.
ჯავიდ აბდულაევი კახეთში მეორედაა. ამბობს, რომ ამ რეგიონის შესახებ ფაქტობრივად არაფერი იცის. ვუახლოვდებით იორმუღანლოს, რომელიც თბილისი-ბაკურციხის გზატკეცილიდან მხოლოდ 2 კოლომეტრითაა დაშორებული. ივრისის ზეგანი რადიკალურად ცვლის ბუნებრივ ლანდშაფტს, ინტერნეტმედიის სპეცილისტი, კონსტანტინ სტალინსკი ჯავიდს თემში არსებული პრობლემების შესახებ ესაუბრება.
ტრენინგის მონაწილეები ჯავიდს გულთბილად ხვდებიან. მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის პროფესიული ისტორიები, რის შესახებაც ჯავიდი ესაუბრებათ. დრო უცებ გადის, მაგრამ სამი რადიო გადაცემის ჩაწერას მაინც ახერხებენ.

სამუშაო დღის დასასრულს, ჯავიდ აბდულაევს შთაბეჭდილებების გაზიარება ვთხოვეთ:

- "ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება გადაწყვიტეთ. შვეხვდი ახალგაზრდებს, რომლებსაც, იორმუღანლოს თემის ცხოვრებაში ბევრი რამის შეცვლა სურთ, მზად არიან ჩაწერონ რესპონდენტები, ისაუბრონ პრობლემებზე და მათი გადაწყვეტის შესაძლებლობებზე. მე ამჟამად ვმუშაობ meydan.tv-ის ჟურნალისტად, ხელისუფლებამ ჩვენი მედიასაშუალების წინააღმდეგ დაიწყო სამართლებრივი დევნა და მომიწია საქართველოში წამოსვლა. ამჟამად, სიუჟეტებს მიგზავნიან და აქ ვამონტაჟებ. ჩვენ ინტერნეტ სივრცეში ვმაუწყებლობთ. ჩემი აზრით, ყველაზე დიდი პრობლემაა, როცა ჟურნალისტს არ ესაუბრება რესპონდენტი და ასევე, ხელისუფლების წარმომადგენელი არ აკეთებს კომენტარს. მართალი გითხრათ, არ ვიცი თქვენს შემთხვევაში რა პრობლემებს წააწყდებით, მაგრამ მიმაჩნია, რომ ამ დასახლებისთვის სათემო რადიოს ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება.“

რადიო ივრისის მნიშვნელობაზე გვესაუბრება ინტერნეტმედიის სპეცილისტი, კონსტანტინ სტალინსკიც:

„თუ ჩაკეტილ დემოგრაფიულ სივრცეში ადამიანები ვერ გამოხატავენ აზრს, არ საუბრობენ გულახდილად და არ იღებენ გადაწყვეტილებებს, ადრე თუ გვიან, ეს საზოგადოება ქმნის ავტორიტარულ მმართველობას. ეს შეიძლება ერთი ადამიანი, ან სულაც ჩინოვნიკების მცირე ჯგუფი იყოს. ისინი სარგებლობენ ადამიანთა ჩაკეტილობით და ამკვიდრებენ თავის ძალაუფლებას. ასე მოხდა მეზობელ ქვეყნებში, ასე იბადება დოგმები, იქმნება ფეოდალური მმართველობის ანალოგიური პოლიტიკური მოწყობა. ეს შეიძლება მოხდეს თემში, ან ქვეყანაში. შემდეგ კი, დიდი ძალისხმევაა საჭირო, რომ სისტემა დაინგრეს და საზოგადოება შეიცვალოს. იორმუღანლოს თემი - ენობრივი საზღვრებით ჩაკეტილი სივრცე, მმართველ ძალას ძირითადად, არჩევნების დროს „სჭირდება“. რომელი ხელისუფლებაც არ უნდა იყოს, რატომღაც დარწმუნებულია - ეთნიკური ჯგუფები არჩევნებზე გამარჯვებას მოუტანენ.“

სათემო რადიო „ივრისის“ დაარსების ინიციატია „სპექტრთან“ არსებულ არასამთავრობო ორგანიზაცია „მეცენატს“ ეკუთვნის, რომელსაც მხარი დაუჭირა ფონდმა „ღია საზოგადოება-საქართველო“. პროექტი გასული წლის ოქტომბერში დაიწყო, შეირჩა და შესაბამისი ტექნიკით აღიჭურვა რადიოს ოფისი.

სათემო მაუწყებლობაზე ლიცენზიის გაცემის მოთხოვნით საქართველოს მარეგულირებელ კომისიას „მეცენატმა“ ჯერ კიდევ 2015 წლის დეკემბერში მიმართა. თუკი ორგანიზაცია აღნიშნულ განაცხადზე თანხმობას მიიღებს, სულ მალე იორმუღანლოს თემში სათემო რადიო FM სიხშირეზე იმაუწყებლებს.


| Print |
FaceBook Twitter Google