საზოგადოება
ნასამართლობის ცნობის აღება იუსტიციის სახლის ფილიალებში იქნება შესაძლებელი
იუსტიციის სახლში კიდევ ერთი უწყების – შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სერვისი დაინერგა.
ხვალიდან, მოქალაქეებს ნასამართლობის შესახებ ცნობის აღება იუსტიციის სახლის ფილიალებშიც შეეძლებათ. ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებას იუსტიციის სახლსა და შსს-ს მომსახურების სააგენტოს შორის ხელი დღეს მოეწერა.

ხელშეკრულების თანახმად, 2017 წლის განმავლობაში, ეტაპობრივად, შსს-ს მომსახურების სააგენტოს კიდევ 14 სერვისი დაინერგება. მათ შორისაა: განმეორებითი მართვის მოწმობის გაცემა, დაკარგული ან დაზიანებული სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის აღდგენა, ასევე, ცნობების გაცემა სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ, პირის მსჯავრდების, იარაღის სამართლებრივი მდგომარეობისა თუ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის შესახებ ინფორმაცია და სხვა.

ნასამართლობის ცნობის მისაღებად, მომხმარებელმა მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარადგინოს. ცნობა განაცხადის შევსებიდან ხუთ სამუშაო დღეში უფასოდ გაიცემა.

ნასამართლობის შესახებ ცნობის დაჩქარებული წესით, ერთ სამუშაო დღეში აღების საფასური 25 ლარია, ხოლო სამ სამუშაო დღეში – 15 ლარი.

| Print |
FaceBook Twitter Google