საზოგადოება
ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის სტატისტიკა საქართველოში

რამდენი საქმე აღიძრა და რამდენზე დადგა გამამტყუნებელი განაჩენი ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობისთვის, ამ ინფორმაციის მიღების მიზნით, "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა" (IDFI) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უზენაეს სასამართლოს მიმართა.

შსს-ს ინფორმაციით, ცხოველთა მიმართ სასტიკი მოპყრობის მუხლით 2015 და 2016 წლებში 21 და 15 საქმე აღიძრა, ხოლო 2012 წელს - 13 საქმე. 2006-2011 წლებში კი ამ მუხლებით გამოძიების დაწყების მხოლოდ რამდენიმე ერთეული შემთხვევა ფიქსირდებოდა. მონაცემები მოიცავს, როგორც სისხლის სამართლის, ისე ადმინისტრაციული წესით დასჯად ქმედებებს.


-"მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უზენაესი სასამართლოდან მიღებული მონაცემების თანახმად საქართველოში ცხოველთა წინააღმდეგ ძალადობის ძალზედ მცირე რაოდენობით შემთხვევები ფიქსირდება, ვფიქრობთ, ეს ვერ იქნება ქვეყანაში ცხოველთა დაცვის მხრივ არსებული რეალური სურათის ამსახველი.

პროკურატურის მიერ გამოძიებული შემთხვევების რაოდენობა დიდ წილად არის დამოკიდებული მოსახლეობის მიერ ცხოველთა დაცვის საჭიროების სრულ გააზრებასა და პროკურატურისადმი განცხადებებით მიმართვის რაოდენობაზე. შესაბამისად, განცხადებათა მცირე რაოდენობა შესაძლებელია მიუთითებდეს ამ საკითხისადმი მოსახლეობის გულგრილობაზე და არა ცხოველთა მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტების მცირე რაოდენობაზე.

დაუშვებელია, როდესაც სახელმწიფო უწყებები არ გასცემენ ცხოველთა წინააღმდეგ ძალადობის შესახებ სრულ ინფორმაციას იმ არგუმენტით, რომ ისინი არ აწარმოებენ ამგვარ სტატისტიკურ მონაცემებს. პრობლემურია ისიც, რომ ცხოველისადმი სასტიკ მოპყრობაში ბრალდებულ პირებს ჯარიმაზე უფრო მკაცრი სასჯელი მხოლოდ დანაშაულის ერთობლიობის შემთხვევაში ეკისრებათ."- ნათქვამია IDFI-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ საქართველოში ცხოველთა დაცვის უზრუნველსაყოფად აუცილებელია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება ცხოველთა დაცვის შესახებ.


| Print |
FaceBook Twitter Google