საზოგადოება
თელავსა და გურჯაანში ოთხ რესტორანს საწარმოო პროცესი შეუჩერდა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გურჯაანში ერთ, ხოლო თელავში სამ რესტორანს სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევის გამო საწარმოო პროცესი შეუჩერა.

მუშაობა შეწყვიტა ქალაქ თელავში მდებარე რესტორანმა „ქალაქური, სოფელ ვარდისუბანში- „თელავურმა“, ყარაჯალაში მდებარე რესტორანმა „ყარაჯალა“ და გურჯაანში ე.წ. „ჩალიჩების რესტორანმა“. აღნიშნული საწარმოები ერთხელ უკვე დაჯარიმებულები იყვნენ 1000–1000 ლარით.

როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში speqtri.ge-ს განუცხადეს, ბოლო ორი კვირის განმავლობაში, კახეთის რეგიონში 27 დოკუმენტური შემოწმება და 13 ინსპექტირება ჩატარდა.

მათივე ინფორმაციით, სახელმწიფო კონტროლი სხვადასხვა დაწესებულებებში მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს, მათ შორის საზოგადოებრივი კვების ობიექტებში.

იანვრიდან აპრილის ჩათვლით, სააგენტოს სპეციალისტებმა, ქვეყნის მასშტაბით, სულ 3867 სახელმწიფო კონტროლი განახორციელეს. შემოწმების შედეგად დაჯარიმდა 336 ბიზნესოპერატორი, ხოლო საწარმოო პროცესი 53 ბიზნესოპერატორს შეუჩერდა.

თუკი ობიექტები მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ და სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციებს გაითვალისწინებენ, ისინი საქმიანობას ისევ გააგრძელებენ.





| Print |
FaceBook Twitter Google