საზოგადოება
სასაზღვრო გამშვებ პუნქტებში დოკუმენტების ინსპექტირების მოწყობილობები განთავსდება

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM), ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის –„საქართველოს მთავრობის შესაძლებლობების გაუმჯობესება საზღვრისა და მიგრაციის მართვის სფეროში“ – ფარგლებში, სამგზავრო დოკუმენტების ინსპექტირებისთვის საჭირო თანამედროვე აღჭურვილობა საჩუქრად გადასცა.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, გოგა რაზმაძემ და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მისიის ხელმძღვანელმა, ილიანა დერილოვამ აღჭურვილობის გადაცემის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

შსს-ს ინფორმაციით, „რეგულას“ ფირმის, დოკუმენტების ინსპექტირების 50 ერთეული მოწყობილობა საქართველოს ყველა სასაზღვრო გამტარ პუნქტში განთავსდება. ახალ აღჭურვილობას საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ის თანამშრომლები გამოიყენებენ, რომლებიც სასაზღვრო გამტარი პუნქტების პირველ ხაზზე მუშაობენ.

პროექტს – „საქართველოს მთავრობის შესაძლებლობების გაუმჯობესება საზღვრისა და მიგრაციის მართვის სფეროში“ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) 2013 წლიდან ახორციელებს.


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები საზღვარი / შსს /