საზოგადოება
კახეთში ცხოველთა გადასარეკი ტრასის ბიოუსაფრთხოების პუნქტები გაიხსნა
კახეთის რეგიონში, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში, ცხოველთა გადასარეკი ტრასის ბიოუსაფრთხოების პუნქტები ამოქმედდა.
პუნქტები სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შიოლაშვილმა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსთან, ზურაბ ჩეკურაშვილთან, ადგილობრივი ხელისუფლებისა და მეცხვარეთა ასოციაციის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

„თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი ბიოუსაფრთხოების პუნქტები ხელს შეუწყობს ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვას, დაავადებების გავრცელების შემცირებას, რაც დადებითად აისახება მეცხოველეობის დარგის განვითარებასა და ქვეყნის საექსპორტო პოტენციალზე”, - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა.


პუნქტებში ფუნქციონირებს პირუტყვის სადეზინფექციო-გასაბანი აუზები, საშხაპეები, წყლის რეზერვუარები, საწყობი, ვეტპუნქტი და საკარანტინო ზონა. თითოეულ პუნქტში დღეში, საშუალოდ, 3000 სული პირუტყვის დამუშავებაა შესაძლებელი, რაც ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისი სადეზინსექციო საშუალებებით ხორციელდება. ბიოუსაფრთხოების პუნქტები ცხოველთა მეპატრონეებს უსასყიდლოდ ემსახურება, ვეტერინარული ღონისძიებების ჩატარებას კი სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარები ზედამხედველობენ.

საქართველოში უკვე ფუნქციონირებს ცხოველთა გადასარეკი ტრასის ბიოუსაფრთხოების 4 პუნქტი, რუსთავში, მარნეულში, სიღნაღსა და დედოფლისწყაროში.


| Print |
FaceBook Twitter Google