საზოგადოება
„ძაღლი მეცა და მიკბინა“- 9 აპრილის მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ
უპატრონო ძაღლების პრობლემა გურჯაანში კვლავ აქტუალურია. 9 აპრილის ქუჩის მცხოვრებლები ადგილობრივ თვითმმართველობას დახმარებას სთხოვენ.

„კრუხი და წიწილები გამოვიყვანე ეზოში. ცოტა ხანში ხმაური შემომესმა, გამოვედი და დავინახე, რომ ძაღლი წიწილებს ჭამდა. აღარ ვიცი რა გავაკეთო. ძაღლები ადამიანებზეც კი იწევენ. “. -აღნიშნა ჩვენთან საუბარში ნუნუ კბილაშვილმა.
ამავე ქუჩაზე მცხოვრები თინა მუხულიშვილი ძაღლმა თავისი კორპუსის წინ დაგლიჯა.
„ საღამოს სახლში მივდიოდი და პური მომქონდა. ძაღლი იქვე იწვა. შემეცოდა და ცოტა მოვუტეხე, უცებ ხელში მეცა, მთლიანი პური გამომგლიჯა და მიკბინა. მეზობლებმა წამიყვანეს საავადმყოფოში, 5 ნემსი გავიკეთე. არ მოკლათო გვეუბნებიან, მაშ რა გავაკეთოთ, ხომ არ უნდა დაგვჭამონ? “

აღნიშნულ საკითზე საუბრობს ანა ბაირამაშვილიც.
„პადვალში ვეღარ ჩავსულვართ, ორმა ძაღლმა ერთდროულად იქ დაყარა ლეკვები. ალბათ 15 მაინც ეყოლება. ცოტა ხანში ეზოში რომ ამოვლენ, არ ვიცი რა უნდა ვქნათ. ლეკვები მთელი ღამე წკმუტუნებენ და არ გვაძინებენ. ბავშვები შიშით ვერ ჩასულან ეზოში. 8 წლის შვილიშვილი მყავს და სკოლაში რომ მიდის სხვა მხრიდან უვლის. მთელი ღამე იყეფებიან და ჩხუბობენ, ხან ვის გაეკიდებიან, ხან ვის.ქალი აქ დავბერდი და ასეთი სიტუაცია ჯერ არ ყოფილა. “-

ნათელა რაზმაძის თქმით, ადგილობრივ თვითმმართველობას უკვე მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.
„გამგეობას მივმართეთ, მაგრამ გვითხრეს მოკვლა არ შეიძლებაო. დაძინებით ვერ აძინებენ, არც თავშესაფარია რომ იქ გადაიყვანონ, აბა რა გავაკეთოთ? სახელმწიფო ხომ უნდა ზრუნავდეს ადამიანებზე. ხომ არსებობს საშიშროება ცოფზე, ან სხვა დაავადებაზე. სანამ არ შეჭამენ ვინმეს, მანამდე არ უნდა მოგვაქციონ ყურადღება?!“

speqtri.ge შეეცადა გაერკვია, თუ როგორ აპირებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობა პრობლემის გადაჭრას, თუმცა ამ საკითხზე უწყებაში კომენტარს არ აკეთებენ.
| Print |
FaceBook Twitter Google