საზოგადოება
"მომავლის ლიდერთა ასოციაციის“ ტრენინგი გურჯაანელი ახალგაზრდებისთვის
19 მაისს, გურჯაანის მუნიციპალიტეტში ჩატარდა ტრენინგი ევროპულ-ქართული ინსტიტუტის მიერ დაფინანსებულ პროექტ „ინიციატივის“ ფარგლებში, რომელსაც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია „მომავლის ლიდერთა ასოციაცია“ ახორციელებს.
ტრენინგის ძირითადი თემები იყო საზოგადოებაში არსებული პრობელმები - დისკრიმინაცია, ბულინგი და მათი აღმოფხვრის გზები.

„ტრენინგს ესწრებოდა გურჯაანის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 30 ახალგაზრდა, რომელიც აპლიკაციების საფუძველზე შეირჩა. ამ სემინარის საშუალებით ახალგაზრდები განივითარებენ ისეთ უნარ-ჩვევებს, როგორიცაა ჯგუფური მუშაობა და თავისუფალი აზრის გამოხატვა,“- აღნიშნა speqtri.ge-სთან საუბარში „მომავლის ლიდერთა ასოციაციის“ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ჯაბა ბარბაქაძემ.

როგორც ამავე ორგანიზაციის წევრმა ნუნუკა ამონიშვილმა გვითხრა, ეს მათი პირველი პროექტია.

„პროექტს ჰქვია „ერთად შევცვალოთ მომავალი“. ჩვენი აზრით, სწორედ, ახლა და აქ იცვლება მომავალი. უახლოეს პერიოდში, ახალგაზრდებს უფრო ფართომასშტაბიან პროექტებს შევთავაზებთ.“

ერთ-ერთი მონაწილის, თამარ დათუკიშვილის შეფასებით, ტრენინგი ძალიან საინტერესო და სასარგებლო იყო.

„კარგი იქნება თუკი გურჯაანში ასეთი სახის ღონისძიებები ხშირად ჩატარდება, რაც საშუალებას მოგვცემს, მეტი ინფრომაცია შევიტყოთ კვალიფიციური ტრენერებისგან.“

პროექტი „ინიციატივა“ საქართველოს პრეზიდენტის ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება და მისი მიზანია ისეთი ახალგაზრდული ქსელის ჩამოყალიბება, რომელიც საზოგადოებაში არსებული პრობლემების გადასაჭრელად ეფექტური ღონისძიებების ჩატარებას შეძლებს.

„ევროპულ-ქართული ინსტიტუტი 2015 წელს ჩამოყალიბდა. ეს არის მასშტაბური ახლაგაზრდული პლატფორმა, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო და ლოკალურ პროექტებს. ამ ორგანიზაციის მიზანია არაფორმალური განათლების ხელშეწყობა საქართველოში. პროექტი „ინიციატივა“ სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას ითვალისწინებს.“ - განაცხადა ევროპულ-ქართული ინსტიტუტის წარმომადგენელმა ნინო კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, ახალგაზრდებს შეუძლიათ გააგზავნონ ნებისმიერი ინიციატივა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა, ეკოლოგია, განათლება, გარემოს დაცვა და სხვა. ორგანიზაციის საიტია www.egi.ge. აპლიკაცია შეგიძლიათ იხილოთ ასევე ფეისბუქის გვერდზე - ინიციატივა.
მომავლის ლიდერთა ასოციაცია ახალგაზრდებმა გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს მხარდაჭერით ჩამოაყალიბეს და ევროპულ-ქართული ინსტიტუტის პროექტ „ინიციატივაში“ მიიღეს მონაწილეობა.
| Print |
FaceBook Twitter Google