საზოგადოება
აშენდება თუ არა აუზი სანაპიროს ქუჩაზე
გურჯაანში სანაპიროს ქუჩაზე მდებარე დახურული აუზის მშენებლობა კვლავ შეჩერებულია. როგორც აუქციონში გამარჯვებული ნოდარ ფირანიშვილი ამბობს, საქმეს სასამართლო განიხილავს.

„გამგეობა ჩივის, რომ ვადები ვერ შეასრულაო, მაგრამ ჩვენ ჩვენი გასამართლებელი საბუთი გვაქვს. დრო თვითონ გაგვიწელეს, მერე ამინდები გაფუჭდა, გაძვირდა ვალუტა და კიდევ იყო სხვა მიზეზები. ვწერდით წერილებს, რომ მშენებლობის უფლება მოეცათ, მაგრამ ჩვენი მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს. საქმე იქამდეა მისული, მუშაობა რომ დავიწყოთ, მშენებლობას ორ თვეში დავამთავრებთ. ამჟამად სასამართლოს გადაწყვეტილებას ველოდებით. თუ ვადები არ გაგვიგრძელეს, ცუდ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით, რადგან უკვე ბევრი თანხა გვაქვს დახარჯული. ვფიქრობთ, სასამრთლო სამართლიან გადაწყვეტილებას გამოიტანს.“-აღნიშნა მან.

როგორც მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურში განმარტეს, ნოდარ ფირანიშვილმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები ვერ შეასრულა.
„ამ ადამიანს გამგეობამ ხელშეკრულება შეუჩერა, რის შემდეგაც მან თვითონ შეიტანა სარჩელი სასამართლოში. ამ ეტაპზე სხვა კომენტარს არ გავაკეთებთ. დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას.“

შეგახსენებთ, რომ გურჯაანში სანაპიროს ქუჩაზე მდებარე აუზის რეკონსტრუქცია 2015 წლის ზაფხულში დაიწყო და ხელშეკრულების მიხედვით სამუშაოები 2016 წლის 13 ივნისს უნდა დასრულებულიყო.
| Print |
FaceBook Twitter Google