საზოგადოება
მამა ილია- გზა კაცხის სვეტიდან ჭერემამდე...[Video]
33 წლის იყო, როდესაც ეკლესიური ცხოვრება დაიწყო. სანამ გელათის აკადემიაში ჩააბარებდა, ზემო იმერეთში, კაცხის სვეტზე, მარტო მსახურობდა, ზედაზენზე ორი წელი იცხოვრა, შემდეგ კი გურჯაანი-ველისციხის ეპარქიაში წამოვიდა.
საეკლესიო ცხოვრებასთან ერთად საერო ცხოვრებასაც აქტიურად ეწევა. მისი თაოსნობით, 2011 წელს სოფელ ვეჯინში ფოლკლორისა და კრივის კლუბი დაარსდა. აღსაზრდელებმა ადგილობრივ თუ საერთაშორისო დონეზე უკვე ბევრ წარმატებას მიაღწიეს.

გურჯაანის სამებისა და ვეჯინის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის გარდა, დაახლოებით ერთი წელია წირვა-ლოცვას მაღალმთიან სოფელ ჭერემშიც აღავლენს და ადგილობრივების სულიერებაზე ზრუნავს. მიუვალ გზაზე, ზღვის დონიდან 1000 მეტრზე მოძღვარი საკუთარი ხარჯით მიდის, გზად მდინარის გადალახვაც უწევს, თუ გაუმართლა და ნაწვიმი არ არის, ფონს ადვილად გავა.

თითქმის დაცარიელებული სოფლის მცხოვრებლებისთვის მამა ილიას გამოჩენა ერთგვარი ნუგეშია. მღვდელმსახურიც ამ ადამიანების წინაშე უფრო მეტ პასუხისმგებლობას გრძნობს.
მოძღვარი გულისტკივილით ამბობს, რომ ჭერემელების ცხოვრებაში მნიშვნელოვნად არაფერი იცვლება, თუმცა მაინც სჯერა, რომ რაკი სოფელში წირვა-ლოცვა აღევლინება, ღვთის მადლით, სიკეთე აუცილებლად იქნება.

| Print |
FaceBook Twitter Google