საზოგადოება
მთავრობამ მუნიციპალიტეტების გაერთიანებას მხარი დაუჭირა
საქართველოს მთავრობამ მუნიციპალიტეტების გაერთიანებას მხარი დაუჭირა. როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ განაცხადა,  71 თვითმმართველი მუნიციპალიტეტის ნაცვლად 64 დარჩება.
„პირველ რიგში, მინდა გამოვეხმაურო არსებულ სპეკულაციებს და ვთქვა, რომ ეს ცვლილებები არანაირად არ ეხება არჩევითობის წესს და ყველა ქალაქი კვლავინდებურად ისარგებლებს ქალაქის სტატუსით. ასევე, მუნიციპალეტეტების საკრებულოებში პროპორციულად შევლენ ქალაქებში არჩეული დეპუტატები. რეფორმის მიზანია მივიღოთ უფრო ეფექტიანი მართვის მოდელი, რათა უფრო ოპერატიულად მოვაგვაროთ მუნიციპალიტეტებში არსებული პრობლემები. გაიზრდება საკრებულოს ფუნქციები და მოქალაქეების ჩართულობა. რეფორმის შედეგად ყველა მუნიციპალიტეტში უმაღლესი თანამდებობის პირი იქნება არჩეული მერი. იგეგმება კოლეგიალური ორგანოების შექმნა მერიებში, რომ ერთპიროვნულად გადაწყვეტილება არ იყოს მიღებული. ასევე, საკრებულოების როლი იზრდება გამომდინარე იქიდან, რომ მერი სამსახურის უფროსების და მოადგილეების კანდიდატურებს საკრებულოებს წარუდგენს“, - განაცხადა ალავიძემ.

მისივე თქმით, მთავრობა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შესატან ცვლილებათა მეორე პაკეტის მომზადებასაც გეგმავს, რომელიც პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე განიხილება.



| Print |
FaceBook Twitter Google