საზოგადოება
გასულ წელს საქართველოში 1 წლამდე ასაკის 511 ბავშვი გარდაიცვალა
2016 წლის წინასწარი მონაცემების თანახმად, საქართველოში 0–დან 1 წლამდე ასაკის 511 ბავშვი, ხოლო 1–დან 5 წლამდე ასაკის – 93 მცირეწლოვანი გარდაიცვალა.
სტატისტიკური მონაცემები სახალხო დამცველმა ბავშვთა დაცვის საერთაშორის დღესთან დაკავშირებით წარადგინა, მისივე ინფორმაციით, გასულ წელს ბავშვის მიმართ ძალადობის 755 ფაქტი გამოვლინდა.

უჩა ნანუაშვილის განცხადებით, კვლავ ხშირია შრომის გამო სკოლის მიტოვების შემთხვევები. მისივე თქმით, 2016 წელს საბაზო განათლების დასრულებამდე განათლების მიღება 241–მა ბავშვმა შეწყვიტა, ხოლო საბაზო განათლების დასრულების შემდეგ – 924–მა.

„უკიდურესად შემაშფოთებელია ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების მდგომარეობა; სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯების ნაკლებად ეფექტიანია, განსაკუთრებით განათლების უფლების განხორციელების, ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მიმართულებით. ასევე, უკიდურესად შემაშფოთებელია ბავშვთა განთავსების ინსტიტუციებში ჯანდაცვის, წყლის, კვების ორგანიზაციული წესების, სანიტარიისა და ჰიგიენის დაცვის საკითხები. ამ სფეროში არსებული მდგომარეობა არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და ეწინააღმდეგება გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის ძირითად პრინციპებს. არასათანადო მდგომარეობა ფიქსირდება ბავშვთა მიმართ ძალადობის მაღალი მაჩვენებლის, ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის, რეაბილიტაციისა და დაცვის ეფექტიანი ღონისძიებების განხორციელების კუთხით. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში განსაკუთრებით პრობლემურია ბავშვთა ფიზიკური დასჯისა და ბულინგის შემთხვევები. მნიშვნელოვან პრობლემად რჩება სოციალურ მუშაკთა და ფსიქოლოგთა მცირე რაოდენობა, განსაკუთრებით პრობლემურია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში, ქვეყნის მასშტაბით, მხოლოდ 11 ფსიქოლოგია დასაქმებული“,- ნათქვამია სახალხო დამცველის ანგარიშში.

მისი ცნობითვე, 2016 წლის განმავლობაში განსაკუთრებით პრობლემური მდგომარეობა გამოიკვეთა ბავშვთა შრომის, ბავშვთა ტრეფიკინგის, პროსტიტუციაში ჩაბმის, პორნოგრაფიული ნაწარმოების უკანონო დამზადებასა და გასაღების მიმართულებით.


| Print |
FaceBook Twitter Google