საზოგადოება
გურჯაანში კიდევ ოთხი ეკლესიის რესტავრაცია მიმდინარეობს
გურჯაანის მუნიციპალიტეტში 4 ძეგლის: კარდენახის საბაწმინდის, კარდენახის წმინდა ნიკოლოზის, კალაურის ივანე ნათლისმცემლისა და ვაზისუბნის სანაგირის რესტავრაცია მიმდინარეობს.


გამგეობის კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი სპეციალისტის თამაზ მარკოზაშვილის თქმით, რებილიტაცია მაისის ბოლოს დაიწყო და წლის ბოლომდე დასრულდება.
„კარდენახის საბაწმინდის მონასტერს გუმბათი აქვს დაზიანებული, პარალელურად, დაწყებულია კარდენახის წმინდა ნიკოლოზის სახელობის უძველესი ბაზილიკის რესტავრაცია, რომელიც მე-6 საუკუნით თარიღდება, მას ჭერი ჩაქცეული აქვს და მიმდინარეობს გადახურვის სამუშაოები. სარესტავრაციო სამუშაოებია დაწყებული ასევე სოფელ კალაურის ივანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტერში, იქაც ჭერია დაზიანებული და ვაზისუბნის სანაგირის მონასტერში, რომელიც დაახლოებით ერთ კვირაში დასრულდება. სანაგირის რესტავრაცია ბოლო სამი წლის განმავლობაში მიმდინარეობს. დარჩენილი იყო შიდა ინტერიერის სამუშაოები, რომლისთვისაც ძეგლთა დაცვის სააგენტომ დამატებითი თანხები გამოყო. კერძოდ, დაზიანებულია ფრესკები და მოხდება მათი საკონსერვაციო სამუშაოები. მისი დასრულების შემდეგ დაიწყება ვაზისუბნის წმინდა გიორგის სახელობის სამკარიანი ეკლესიის რესტავრაცია. მას მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი.“

თამაზ მარკოზაშვილის თქმით, პარალელურად, განახლდება სამუშაოები ზიარ-ფხოველში, რომელიც სავარაუდოდ, ივნისში დაიწყება. ეს არის მრავალწლიანი პროექტი, რომლის დასრულებისა და საბოლოო დასკვნების წარმოდგენის შემდეგ, იქ მოეწყობა ღია ტიპის მუზეუმი მსუბუქი კონსტრუქციით.
| Print |
FaceBook Twitter Google