საზოგადოება
„სასწრაფოდ დაიწყოს სეტყვისაგან მიყენებული ზარალის ანაზღაურება“ - გიორგი ბოტკოველი
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” პრემიერ-მინისტრსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კახეთში ჩასვლას და სეტყვით დაზარალებული სოფლების დათვალიერებისკენ მოუწოდებს.

აღნიშნულ საკითხზე პარტიის კახეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გიორგი ბოტკოველმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით, კახეთი სტიქიური უბედურების ზონად უნდა გამოცხადდეს და ზარალის ანაზღაურებაც დაიწყოს.

„ხელისუფლების ერთ-ერთი პროექტი, რომლის განხორციელებაც 2013 წელს დაიწყო და 2015 წელს დასრულდა, კახეთში სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარების მონტაჟი იყო. აღნიშნული პროექტი 20 მილიონ ლარზე მეტი დაუჯდათ. ყოველწლიურად კი ბიუჯეტიდან დაახლოებით 3 მილიონი ლარი იხარჯება შესაბამისი ჭურვების შესაძენად. მაგალითად, მიმდინარე წლის მაისში, პრემიერის განკარგულებით, ტენდერისთვის, რომლითაც შესაბამისი ჭურვები უნდა შეძენილიყო, 1.5 მილიონი გამოიყო. ფაქტობრივად ის თანხები, რომელიც ხელისუფლებამ 2015 წელს გადაიხადა და შემდეგ ყოველწლიურად იხარჯება, წყალშია გადაყრილი, რადგან 40 დასეტყვილი სოფელი გვაქვს, სადაც ხელისუფლებას არანაირი რეაგირება არ მოუხდენია. მივმართავთ ხელისუფლებას: სასწრაფოდ ჩავიდეს კახეთში პრემიერი და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ადგილზე შეისწავლონ ზარალის მასშტაბები და პირადად უხელმძღვანელონ ზარალის დამთვლელ კომისიას. სოფლები უნდა გამოცხადდეს სტიქიური უბედურების ზონად და სასწრაფოდ დაიწყოს ზარალის ანაზღაურება და დაზარალებული გლეხები 2017 წელს მიწის გადასახადისგან გათავისუფლდნენ. ხელისუფლებამ, ასევე, უნდა იზრუნოს, რომ გლეხებს გაეწიოთ შეღავათები იმ სესხებზე, რომლებიც სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მოსავლელად აქვთ აღებული”, - აღნიშნა ბოტკოველმა.

| Print |
FaceBook Twitter Google