საზოგადოება
წუხელ კაცი ჩავარდა შიგ და კინაღამ მოკვდა - ჩუმლაყელები
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყის ცენტრალური გზაზე სანიაღვრე არხის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.


ადგილობრივი მცხოვრებლების განმარტებით, სამუშაოები ერთი თვის წინ დაიწყეს და დღემდე არ დაუსრულებიათ. მათივე თქმით, ამ ხნის განმავლობაში არხში უკვე რამდენიმე ადამიანი ჩავარდა.
„ერთ თვეზე მეტია გათხარეს და დაანებეს თავი. წუხელ კაცი ჩავარდა შიგ და კინაღამ მოკვდა. ღამე პურის საყიდლად მიდიოდა მაღაზიაში და სიბნელეში თხრილი ვერ დაინახა. ეს უკვე მეოთხე შემთხვევაა, სამმა კაცმა ფეხი მოიტეხა, თუ არ გააკეთებენ, ალბათ ცუდი შედეგი მოჰყვება. ეს ფიცრებიც მოსახლეობამ გამოიტანა და დაალაგა, რომ ბაზართან მოვიდეს მყიდველი. დანარჩენი ისევ ღიად რჩება.“-აღნიშნა რეზო გველუკაშვილმა.

მის აზრს იზიარებენ, ამავე სოფლის მცხოვრებლები, რომლებმაც სახელისა და გვარის დასახელებისაგან გარკვეული მიზეზების გამო თავი შეიკავეს.
„მარტო აქ კი არა, სხვა მონაკვეთსაც თხრიან. ჯერ აქ გაეკეთებინათ და ახალი სამუშაოები მერე დაეწყოთ, ასე პირღიად რომ დატოვეს, უკვე რამდენი ადამიანი დაშავდა. ისეთი ფართე თხრილია, რომ მანქანის ჩავარდნის საშიშროებაც არსებობს. სანამ სერიოზული რამ არ მოხდება, მანამდე არ უნდა მიაქციონ ყურადღება?“

როგორც ჩვენთან საუბარში შ.პ.ს თელავის საგზაო სამმართველოს გზის ოსტატმა თამაზ გზირიშვილმა განმარტა, სამუშაოებს მათი ორგანიზაცია ასრულებს. რაც შეეხება უსაფრთხოებას, მოსახლეობა თვითონ უნდა გაფრთხილდეს.
„ობიექტი უკვე დამთავრებულია. რა მდგომარეობაშიც არის ამჟამად, ასე დარჩება. ხალხს თვითონ ჰქონდა ჩაყრილი წვრილი აზბესტის მილები, რომელიც წყალს ვერ ატარებდა და იქაურობა დაჭაობებული იყო. არხი იმიტომ არის, რომ წყალი გაატაროს და გზაზე არ გადმოვიდეს. ყველგან ასეა. ჩვენ მარტო მისი მოვლა-პატრონობა-გასუფთავება გვევალება. მე გზის ოსტატი ვარ და რასაც დამავალებენ, იმას ვაკეთებ“.

როგორც „სპექტრს“ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში განუცხადეს, სამუშაოები თვის ბოლოს დასრულდება და ამ დროისთვის სხვა არაფრის გაკეთება არ იგეგმება.

| Print |
FaceBook Twitter Google