საზოგადოება
„გურჯაანის ნაყინი“ განახლებული დანადგარებით ახალ პროდუქციას გამოუშვებს
დღეს გურჯაანის სანაყინე ქარხანას ახალი საწარმოო ხაზის აღჭურვილობა გადაეცა.

ახალი დანადგარი, საერთო ღირებულებით 800,000 ევრო, ევროკავშირის მიერ გამოყოფილი გრანტის წყალობით და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ გაცემული სესხით შეიძინეს.

კახეთის გუბერნეტორის ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, სესხის 15 პროცენტს მთლიანად ევროკავშირი აფინანსებს.
„ ახალი დანადგარის ჩამოტანა-დამონტაჟება 800 000 ევრო დაჯდა. თუმცა, აქედან 120 ათასი ევრო ევროკავშირის საჩუქარია. პროგრამა უშუალოდ მიმართულია მცირე და საშუალო მეწარმეებისკენ. ყველა მეწარმე დამერწმუნება, რომ ეს არის მათთვის მნიშვნელოვანი დახმარება.“

როგორც გურჯაანის სანაყინის გენერალურმა დირექტორმა გურამ ბერიკაშვილმა აღნიშნა, ეს პროექტი მათი საწარმოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. „შემოვიტანეთ მაღალი სტანდარტის, თანამედროვე და თავისი შესაძლებლობებით უნიკალური დანადგარი. ის გამოუშვებს უფრო ხარისხიან პროდუქციას და შესაბამისად, ძალიან ბევრი ახალი დასახელების ნაყინი გვექნება. ჩვენ მას დაახლოებით თვის ბოლოს ავამუშავებთ.“

ცერემონიას კახეთის გუბერნეტორი, ევროკავშირის ელჩი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.




| Print |
FaceBook Twitter Google