საზოგადოება
პედაგოგები ანაზღაურებადი შვებულებით ისარგებლებენ
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №87/ნ ბრძანებაში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც, ამიერიდან საჯარო სკოლის პედაგოგები ბიულეტენით განსაზღვრული ანაზღაურებადი შვებულებით ისარგებლებენ.

„დაკმაყოფილდა განათლების სამინისტროს წინადადება. 16 ივნისიდან საჯარო სკოლის მასწავლებლები ისარგებლებენ ანაზღაურებადი ბიულეტენით. შეჯამებულად დაითვლება თანამდებობრივი სარგო, დანამატები და ზეგანკვეთური ანაზღაურება. აქამდე ასეთი წესებით სარგებლობდნენ მხოლოდ ძალოვანი უწყების თანამშრომლები. ცვლილებები უკვე ძალაშია. პროცედურულად კი არაფერი იცვლება. ჩვეულებისამებრ, დროებით შრომისუუნარო პედაგოგი მიდის კლინიკაში, იქ უხსნიან საავადმყოფოს ფურცელს, მკურნალობის დასრულების შემდეგ დაიხურება ბიულეტენი, წარადგენს სამსახურში და მას აუნაზღაურდება გაცდენილი დღეები,” – განუცხადა EDU.ARIS.GE – ს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების დეპარტამენტის უფროსმა, ელზა ჯგერენაიამ.

წლების განმავლობაში, პედაგოგები იძულებული იყვნენ სამსახურეობრივი მოვალეობა შრომისუუნარობის დროსაც შეესრულებინათ. მასწავლებლის შრომის ანაზღაურება თანამდებობრივ სარგოდ და დანამატებად იყოფა. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის #87/ნ ბრძანების ძველი რედაქციის შესაბამისად კი დანამატები ბიულეტენით არ ანაზღაურდებოდა.


| Print |
FaceBook Twitter Google