საზოგადოება
მელაანში აღმოჩენილი ეკლესია სავარაუდოდ შუა საუკუნეებისაა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ მელაანში, ლაკბეს ხეობაში, უცნობი ეკლესიის ნანგრევებს მიაკვლიეს, რომელიც სავარაუდოდ შუა საუკუნეებით თარიღდება.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსი სპეციალისტის თამაზ მარკოზაშვილის ინფორმაციით, ეკლესია
დარბაზული ტიპის უნდა იყოს.

„სოფლის უხუცესების თქმით, ეკლესია პეტრე და პავლე მოციქულების სახელობისაა, თუმცა ამის შესახებ მელაანელების უმრავლესობამ არ იცის. ნანგრევები ეკალ-ბარდებითა და ხეებით იყო დაფარული. სოფელში გამგებლის წარმომადგენელმა გოჩა მესხიშვილმა ტერიტორია ახალგაზრდებთან ერთად დაასუფთავა. სამეცნიერო ლიტერატურაში ამ ეკლესიის არსებობის შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება. მეცნიერებისთვის სრულიად უცხო ძეგლია. ეკლესია დარბაზული ტიპისაა, ჩანს საკურთევლის ფრაგმენტები.“

როგორც თამაზ მარკოზაშვილი ამბობს, აღმოჩენის შესახებ გამგეობა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს აცნობებს.

„უნდა მოვითხოვოთ ექსპერტების ჩამოსვლა, რათა შესაბამისი კვლევები ჩაატარონ. ისინი დაადგენენ ძეგლის ზუსტ თარიღს. პირველადი შეხედვით, ეკლესია ძალიან ძველი, შუა საუკუნეების უნდა იყოს. ნაგებია მხოლოდ რიყის ქვით, მახლობლად აგრეთვე შეინიშნება სხვა ნაგებობების ფრაგმენტები. შეიძლება აქ ადრე სამონასტრო კომლექსი ყოფილიყო. ეკლესიის გეგმა კარგად იკითხება და შესაბამისად, მისი აღდგენა შესაძლებელია.“

სოფელი მელაანი მდიდარია არქიტექტურული და არქეოლოგიური ძეგლებით. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ სოფელი ძველად წარმართული რელიგიის ცენტრი უნდა ყოფილიყო, აღმოჩენილია ბრინჯაოს, ანტიკური და ფეოდალური ხანის არქეოლოგიური მასალები.

უმნიშვნელოვანესია წარმართული ხანის ორი სამლოცველო: “მელი-ღელე” – I (ძვ.წ. II ათას. II ნახ.) და “მელი-ღელე” – II (ძვ. წ. I ათასწ. I ნახ.), რომლებიც 1964-1967 წლებში კახეთის არქეოლოგიურმა ექპედიციამ შეისწავლა.

არქიტექტურული ძეგლებიდან აღსანიშნავია სამების ჯვარგუმბათოვანი ტაძარი (გვ. შუა. საუკ), ღვთისმშობლის ეკლესია (გვ. შუა საუკ.),
შანას საყდარი (შუა საუკ) და სხვა.

| Print |
FaceBook Twitter Google