საზოგადოება
ველისციხეში სამ ეკლესიას უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, სოფელ ველისციხეში სამ ეკლესიას უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსი სპეციალისტის თამაზ მარკოზაშვილის განმარტებით სტატუსის მინიჭების შედეგად, ეკლესიებზე სამართლებრივი რეჟიმი გავრცელდება, რომელიც ძეგლების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
„ეკლესიების გაძეგლებაზე მოთხოვნა მუნიციპალიტეტის გამგეობამ დააყენა. დაახლოებით სამი თვის წინ გავაგზავნეთ დოკუმენტაცია, ფოტოსურათები და დისკები. ორი დღეა რაც პასუხი მოგვივიდა. ესენია მეცხრამეტე საუკუნის წმინდა მარიამის სახელობის მოქმედი ეკლესია, VI საუკუნის ღვთისმშობლის შობის სახელობის სამეკლესიანი ბაზილიკა და შუა საუკუნეების წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძარი. სამივე სოფელში მდებარეობს. ამჯერად სხვა ეკლესიებზეც გვაქვს გაგზავნილი მოთხოვნა და პასუხს ველოდებით. სტატუსის მინიჭებით ძეგლის დაცვის რეჟიმი ამოქმედდა და როცა დასჭირდება რესტავრაცია, უკვე ვალდებულია კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო შესაბამისი ზომები მიიღოს.“

ძეგლთა დაცვის სპეციალისტის ინფორმაციით, გურჯაანის მუნიციპალიტეტში სულ 400-მდე ეკლესია-მონასტერია და აქედან 135-ს უძრავი ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.

| Print |
FaceBook Twitter Google