საზოგადოება
ჰოლანდიელები ქართული ღვინით დაინტერესდნენ
ღვინის ეროვნული სააგენტოს მოწვევით, საქართველოს ჰოლანდიური კომპანია „Saperavi Wine Agency“-ის დირექტორის ბერნარდ ნაუტას (Bernard Nauta) ხელმძღვანელობით ჰოლანდიელი იმპორტიორები და ჟურნალისტები ეწვივნენ.


როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი ჩოლობარგიამ განმარტა, ღვინის მოხმარების საერთაშორისო ტენდენციებსა და სტატისტიკაზე დაყრდნობით, ჰოლანდიის ბაზარი ქართული ღვინის ექსპორტისთვის საკმაოდ პერსპექტიულია.

„სწორედ ამის გათვალისწინებით, წლის დასაწყისში ხელშეკრულება გავაფორმეთ ღვინის იმპორტიორ კომპანიასთან „Saperavi Wine Agency“, რომელიც ახორციელებს ქართული ღვინის იმპორტს ჰოლანდიაში და ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდის მიზნით, მთელი წლის მანძილზე ახორციელებს სხვადასხვა ღონისძიებას. აღსანიშნავია, რომ ამ ტურის ფარგლებში რამდენიმე კომპანიასთან უკვე გაფორმდა ხელშეკრულება,რაც არის საფუძველი, რომ მომავალში ქართული ღვინის ექსპორტი ჰოლანდიაში გაიზრდება“ - აღნიშნა ირაკლი ჩოლობარგიამ.

ჰოლანდიელმა სტუმრებმა ტურის ფარგლებში ქართლსა და კახეთში ქართული ღვინის კომპანიები მოინახულეს. დააგემოვნეს შემდეგი კომპანიების პროდუქცია: „თბილღვინო“, „გოცას ღვინოები“, „ხოხბის ცრემლები“, „თელავის ღვინის მარანი“, „შუხმან ვაინს ჯორჯია“, „ფაფრის ველი“, „კონჭო და კომპანია“.

ქართული ღვინის მიმართ ინტერესი იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ ჯგუფის რამდენიმე წევრმა ვიზიტის გახანგრძლივება გადაწყვიტა და ისინი ასევე ეწვევიან კომპანიებს „ძმების მარანი“ და „ბოლნური“.

| Print |
FaceBook Twitter Google