საზოგადოება
მელაანში სადავო ნაგავსაყრელის მშენებლობაზე გარემოს დამცველები კომენტარს არ აკეთებენ
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ მელაანში, ლაკბეს ხეობაში, დასახლებული პუნქტიდან დაახლოებით ორ კილომეტრში, 2019 წლისთვის ევროსტანდარტების შესაბამისი ნაგავსაყრელის მშენებლობაა დაგეგმილი.
პროექტი გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის ფინანსური მხარდაჭერით უნდა განოხრციელდეს.
მოსახლეობა აღნიშნულ საკითხს აპროტესტებს და აქციებით იმუქრება. ისინი რამდენიმე დღის წინ ალტერნატიული ფართის გამოყოფის მოთხოვნით, სოფლის ცენტრშიც შეიკრიბნენ.

მათი თქმით, ნაგავსაყრელის მოწყობა გარემოს დააბინძურებს და სხვადასხვა დაავადების გავრცელებას გამოიწვევს.
-„ნაგავსაყრელი დასახლებასთან ახლოს შენდება და სუნი შეგვაწუხებს. ისედაც ამდენი დაავადებაა და კიდევ ეგ გვინდა?! ხელმოწერებიც შევაგროვეთ, სოფელში ყველა წინააღმდეგია. ტელევიზიით მოვისმინე, არ მახსოვს სად იყო, მაგრამ ხალხი იხვეწებოდა, მოგვხედეთ, სუნით ვიხრჩობითო. არ გვინდა, ჩვენთანაც იგივე მოხდეს,“- ამბობს მედიკო დათუაშვილი.
აღნიშნულ საკითზე საუბრობს მელაანის მკვიდრი ზაირა ჯავახიშვილიც.
-„სოფელში ყველა ერთ აზრზე ვართ. ქუდზე კაცი გამოვალთ და არ მივცემთ უფლებას, აქ ნაგავსაყრელი აგვიშენონ. რამდენიმე დღის წინ აქციაც გავმართეთ. ვიცით, რომ სუნი შეგვაწუხებს და აქ ცხოვრება გაუსაძლისი გახდება. ხომ შეიძლება, სხვაგან, სოფლისგან მოშორებით ააშენონ.“

მელაანელების პრეტენიზებს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორმა გიორგი შუხოშვილმა უპასუხა. როგორც ის speqtri.ge-სთან საუბარში ამბობს, მოსახლეობის აზრს გაითვალისწინებენ და ყველა მათ კითხვას არგუმენტირებულ პასუხს გასცემენ.

-„ევროსტანდარტების შესაბამისი საყოფაცხოვრებო ნაგავსაყრელის მოწყობა გულისხმობს მთლიანად ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესებას, კახეთის მუნიციპალიტეტების ნარჩენების შესაგროვებელი ტექნიკით აღჭურვას და ნარჩენების გადამზიდი სადგურების მოწყობას, ასევე, რეციკლირებადი ნარჩენების (ნარჩენები, რომელიც გადამუშავებას ექვემდებარება) სეპარირებას. კანონმდებლობის თანახმად, ბუფერული ზონა (მანძილი დასახლებული პუნქტიდან ნაგავსაყრელამდე) 500 მეტრია, მელაანის შემთხვევაში კი, ეს მანძილი 2 კმ-ზე მეტია. გერმანელი ექსპერტების მიერ ისე იქნება დაგეგმილი, რომ გარემოს დაცვის კუთხით, არანაირ ზეგავლენას არ იქონიებს. თუ მათ დარჩათ არგუმენტად მხოლოდ ის, რომ -არ გვინდა ნაგავსაყრელი და მორჩა, - ეს სამსჯელო თემა იქნება. კახეთი მჭიდროდ არის დასახლებული, გაშენებულია ვენახები და ტურისტული ზონები. ყველაზე უკეთესი ვარიანტი, რაც შეირჩა, ეს ადგილია.“

მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე მოსახლეობას შეხვდებიან და დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან. როგორც გიორგი შუხოშვილმა აღნიშნა, ნაგავსაყრელის მოწყობა უფრო მეტი ეკონომიკური საკითხის გადაჭრას შეუწყობს ხელს, ვიდრე ეკოლოგიურ ზიანს. „მშენებლობის პროცესში და შემდეგაც, ნაგავსაყრელის ექსპლუატაციის პერიოდში, რამდენიმე ათეული ადამიანი დასაქმდება. გვეყოლება სპეციალური ტექნიკა და მოეწყობა შესაბამისი ინფრასტრუქტურა. მინდა, მოსახლეობას ვუთხრა, რომ მათ სუნი საერთოდ არ შეაწუხებთ. თუკი სადმე, სხვა ალტერნატიულ ადგილზე მივალთ, იქაც გამოჩნდება ვინმე მოწინააღმდეგე, რომელსაც ნაგავსაყრელის მოწყობა არ მოეწონება. აქედან გამომდინარე, ვერასდროს დავლაგდებით და გვექნება ისევ ის ნაგავსაყრელები, რომელმაც თავისი რესურსი უკვე ამოწურა. სადმე ხომ უნდა ავაშენოთ, მთელი კახეთის ნაგავს უდაბნოში ხომ არ წავიღებთ?! “

რა მავნე ზემოქმედება შეიძლება გამოიწვიოს სოფელ მელაანში ნაგავსაყრელის მოწყობამ?- ამ კითხვით რამდენიმე გარემოს დამცველ არასამთავრობო ორგანიზაციას მივმართეთ (კავკასიის გარემოსდაცვით არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელი- სენი, "მწვანე დედამიწა",  საქართველოს ეკოლოგიური და ბიოლოგიური მონიტორინგის ასოციაცია, "საქართველოს მწვანეთა მოძრაობა.")  თუმცა ისინი საკითხის დეტალური შესწავლის გარეშე ამ დროისთვის კომენტარს არ აკეთებენ.
| Print |
FaceBook Twitter Google