საზოგადოება
აქცია „წიგნი ყველა სოფელს“ დასრულდა
„წიგნი ყველა სოფელს - 2017" დასრულდა. სოფლების ბიბლიოთეკებს პროექტის ფარგლებში წელს 10 000-ზე მეტი გამოცემა შეემატა.


ბოლო მოსიარულე ბიბლიოთეკა საგარეჯოს მიმართულებით სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროდან გაემგზავრა. წიგნები კახეთისკენ მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძემ, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა
გიორგი კეკელიძემ, პროექტის ინიციატორი ორგანიზაცია „სტუდენტური ერთიანობის" დამფუძნებელმა ბექა ღაჟონიამ და სამინისტროს თანამშრომლებმა გააცილეს.

შეგროვებული წიგნების გარდა სამინისტრომ სოფლებში წელს, წინა წლების მსგავსად სპორტული ლიტერატურაც გაგზავნა.
პროექტს „წიგნი ყველა სოფელს“ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო პარტნიორებთან ერთად მეოთხე წელია ახორციელებს. ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოს რეგიონებში 60 000-ზე მეტი წიგნი გაიგზავნა. წიგნების შესაგროვებლად ყუთები განთავსებული იყო სამების საკათედრო ტაძარში, ქაშვეთის, დიდუბის, გლდანისა და ვარკეთილის ტაძრებში, ასევე „ვისოლის" ავტოგასამართ სადგურებზე, სუპერმარკეტების ქსელ „სმარტის", ამერიკული რესტორნების ქსელ „ვენდის", და "დანქინ დონატსის" რესტორნებში.

„წიგნი ყველა სოფელს“, შეიძლება ითქვას, ყველაზე სოციალური პროექტია - პროექტში ერთდროულად ჩართულია სახელმწიფო, არასამთავრობო და კერძო სექტორი, საპატრიარქო, ახალგაზრდები, ფართო საზოგადოება, ვისაც ქველმოქმედების სურვილი აქვს. გვახარებს ის გარემოება, რომ ახალგაზრდები და ბავშვები უფროსებთან ერთად არიან ჩართული თანატოლებისთვის წიგნების შეგროვების პროცესში. 4 წლის განმავლობაში სოფლებში დახურვას გადაურჩა ათეულობით ბიბლიოთეკა, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მადლობა პროექტში ჩართულ ყველა მხარეს, თითოელი მათგანი უდავოდ ეროვნულ საქმეს ემსახურება. ეს არის პროექტი, რომელიც გვაერთიანებს“.-აღნიშნა ტარიელ ხეჩიკაშვილმ.


| Print |
FaceBook Twitter Google