საზოგადოება
მოსახლეობა გურჯაანში შუქნიშნების დამონტაჟებას ითხოვს
მოსახლეობა ქ. გურჯაანის რამდენიმე გზაჯვარედინზე შუქნიშნების დამონტაჟებას ითხოვს. მძღოლები და ქვეითად მოსიარულეები ამბობენ, რომ გზის არარეგულირებად მონაკვეთებზე ავტოსაგზაო შემთხვევები ხშირად ხდება.

ერთ-ერთი გახმაურებული ფაქტი რამდენიმე წლის წინ ქოროღლიშვილისა და თავისუფლების ქუჩების კვეთაზე მოხდა, 09 მარკის ავტომობილს მერსედესი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 09 მარკის ავტომანქანაში მჯდომი მამა-შვილი, მძიმედ დაშავდა მძღოლის მეუღლე, ასევე ერთი მოზარდი და ორი მცირეწლოვანი ბავშვი.
მოსახლეობა ერთ-ერთ სარისკო მონაკვეთად სწორედ გზის ამ ნაწილს ასახელებს. მათივე თქმით, საფრთხის მაღალი რისკები არსებობს თავისუფლებისა და წმინდა ნინოს, ასევე თავისუფლებისა და კოსტავას ქუჩების კვეთაზე.
„ათი წუთიც რომ გაჩერდეთ, ნახავთ, რა ხდება. გზაჯვარედინია, თანაც აქვე მდებარეობს ჯეოჰოსპიტალსის კლინიკა და მოძრაობა გადატვირთულია. სხვაგან რომ არა, შუქნიშანი აქ მაინც უნდა იდგეს. ასევე ცუდი მონაკვეთია გაზგასამართ სადგურთანაც. იქ რამდენჯერმე ავარია მსხვერპლით დასრულდა. თუ ეს საკითხი არ მოგვარდა და შუქნიშნები არ დამონტაჟდა, პრობლემა მუდმივად იქნება“-აღნიშნა speqtri.ge-სთან საუბარში ტაქსის მძღოლმა, სიმონ მარტიაშვილმა.

არიკა ბერუკაშვილს ყოველდღე სახლში წასასვლელად სამების ტაძრის წინ, გაჩერებაზე უწევს დგომა, როგორც თვითონ ამბობს, გზის გადაკვეთა რისკის ფასად უჯდება.
„სოფელში წამსვლელი ხალხი საღამოს ბაზრიდან დატვირთული მოდის, ზებრაგადასასვლელი გაჩერებიდან საკმაოდ მოშორებითაა, ტრასის გადასაკვეთად ხან 10-15 წუთი მიწევს დგომა, რადგან მანქანების ნაკადი არ წყდება და არც არავინ გითმობს. შუქნიშანი რომ იყოს, გაჩერდებიან და გაგვატარებენ. გარდა ამისა, ავარიებიც ხშირია, ამიტომ ადგილობრივმა ხელმძღვანელობამ ამაზე სერიოზულად უნდა იფიქროს.“

როგორც გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განაცხადეს, ამ საკითხზე საავტომობილო გზების დეპარტამენტთან მოლაპარაკება უკვე მიმდინარეობს.
„გურჯაანის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობას აქვს სურვილი, რომ ქალაქის იმ ქუჩებზე, სადაც გადატვირთული მოძრაობაა, შუქნიშნები დამონტაჟდეს და ავტომობილების მოძრაობა დარეგულირდეს. ამ საკითხზე საავტომობილო გზების დეპარტამენტთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.“-აღნიშნა ჩვენთან საუბარში გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ზვიად ბიაშვილმა.

speqtri.ge- საავტომობილო გზების დეპარტამენტში შეეცადა გაერკვია, თუ რა დონეზე იყო მოლაპარაკება. თუმცა, როგორც უწყების პრესსამსახურში განაცხადეს ამ საკითხთან დაკავშირებთ არანაირ ინფომაციას არ ფლობენ.


| Print |
FaceBook Twitter Google