საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაცია მაღალ ტემპერატურასთან დაკავშირებით
ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას სიცხესთან დაკავშირებით რეკომენდაციით მიმართავს:


1. შეეცადეთ, საცხოვრებელ გარემოში შეინარჩუნოთ სიგრილე. სახლში ტემპერატურა შეამოწმეთ დილის 08:00 საათიდან 10:00 მდე, 13:00-ზე და ღამით 22:00 საათის შემდეგ. დღისით ოთახის იდეალური ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 32 C, ხოლო ღამით კი 24 C-ს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისა და 60 წელის ასაკს გადაცილებული ადამიანებისათვის, აგრეთვე მათთვის, ვისაც ქრონიკული დაავადებების დიაგნოზი აქვთ.
2. ღამით გააღეთ ფანჯრები და დატოვეთ ღია დილამდე, სანამ გარეთ სიგრილე იქნება (თუ ეს სახიფათო არ არის).
3. დღისით შეამცირეთ სახლში სიცხის შეღწევა - დახურეთ ფანჯრები, ჟალუზები და დარაბები, განსაკუთრებით მზის მხარეს. შეძლებისდაგვარად გამორთეთ ელექტრო მოწყობილობები და ხელოვნური განათება.
4. მზის მხარეს ჩამოაფარეთ დამჩრდილავი ფარდები, ჟალუზები, დარაბები.
5. ჩამოკიდეთ სველი პირსახოცები, რაც გაგრილებასთან ერთად სახლს დაატენიანებს.

6. თუ სახლში გაქვთ კონდენციონერი, დაკეტეთ კარებები და ფანჯრები, რათა ეფექტურად გამოიყენოთ ელექტროენერგია. ეს აგაცილებთ ქვეყანაში ელექტრო ენერგიის დეფიციტის საფრთხეს.
7. ვენტილატორი გამოგადგებათ იმ შემთხვევაში თუ ტემპერატურა არ აღემატება 35C-ს. ხოლო თუ ტემპერატურა აღემატება 35C-ს, ის ვერ მოგიხსნით სიცხესთან დაკავშირებულ პრობლემებს.
8. მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე.
9. გადადით ცხელი ოთახიდან გრილში, განსაკუთრებით ღამით.
10. თუ შეუძლებელია სახლში სიგრილის შენარჩუნება, შეეცადეთ დღის 2-3 საათი გაატაროთ გრილ ადგილას (მაგალითად რომელიმე საზოგადოებრივ შენობაში, სადაც ჰაერი კონდენციონერით გრილდება).

11. მოერიდეთ ქუჩაში გასვლას დღის ყველაზე ცხელ პერიოდში.
12. მოერიდეთ მაღალინტენსიურ ფიზიკურ აქტივობას. თუ ეს აუცილებელია, მაშინ მის შესასრულებლად გამოიყენეთ დილით ყველაზე გრილი პერიოდი: 04:00 საათიდან 07:00 საათამდე.
13. დარჩით/გაჩერდით ჩრდილში
14.არ დატოვოთ ბავშვები და შინაური ცხოველები გაჩერებულ სატრანსპორტო საშუალებებში!
15. მიიღეთ გრილი შხაპი, ან გამოიყენეთ ყინულის პაკეტები, სველი პირსახოცი, და სხვა.
16. ქუჩაში გასვლისას ატარეთ ნატურალური მასალის, ღია ფერის, თავისუფალი ტანსაცმელი, ფართოფარფლებიანი ქუდი ან კეპი, ან ქოლგა, და მზისგან დამცავი სათვალე.
17. იხმარეთ საწოლის მსუბუქი თეთრეული და არავითარი ბალიში, რათა სიცხის დაგროვება აიცილოთ თავიდან.
18. მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე, გარდა ალკოჰოლის, ტკბილი და კოფეინიანი სასმელებისა.
19. საკვები მიიღეთ ხშირად და მცირე ულუფობით. მოერიდეთ ცილის მაღალი შემცველობის მქონე პროდუქტებს.


თუ ჯანმრთელობის პრობლემები გაქვთ
►მედიკამენტი შეინახეთ 25C-ის ქვემოთ ან მაცივარში (შენახვის წესები წაიკითხეთ ინსტრუქციაში)
►თუ გაქვთ ქრონიკული დაავადების დიაგნოზი ან ღებულობთ ერთდროულად რამდენიმე მედიკამენტს, მათი დოზისა და მიღების ჯერადობის შესახებ აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

►თუ თქვენ იგრძენით თავბრუსხვევა, სისუსტე, ფორიაქი, ძლიერი წყურვილი ან თავის ტკივილი, სასწრაფოდ მოთავსდით გრილ ადგილას და გაიზომეთ სხულის ტემპერატურა.
►მიიღეთ წყალი ან ხილის ნატურალური წვენი.
►თუ გაქვთ კუნთების მტკივნეული სპაზმი (განსაკუთრებთ ფეხებში, ხელებში ან მუცელზე), საჭიროა ელექტროლიტების შემცველი ხსნარების მიღება. თუ აღნიშნული სიმპტომები ერთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს.
►ექიმს მიმართეთ მაშინაც თუ გრძნობთ უჩვეულო სიმპტომებს და ეს სიმპტომები დიდხანს ნარჩუნდება.
►თუ შემჩნევთ, რომ ოჯახის რომელიმე წევრი, ან ნებისმიერი ადამიანი, რომ ცხელია, კანი გამომშრალი აქვს, ბოდავს,კრუნჩხვები აქვს ან დაკარგა გონება,სასწრაფოდ გამოიძახეთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა ან დაუკავშირდით ოჯახის ექიმს. სასწრაფო დახმარების მოსვლამდე დაზარალებული გადაიყვანეთ გრილ ადგილას, დააწვინეთ ჰორიზონტალურად, აუწიეთ ფეხები, გაუხსენით ტანსაცმელი, რომ არ უჭერდეს; კისერზე, იღლიის ქვეშ, საზარდულის არეში დაადეთ ყინულის პაკეტი, ტანი დაუზილეთ 25-30C ტემპერატურის წყლით და გაუზომეთ სხეულის ტემპერატურა. გონება დაკარგული ადამიანი მოათავსეთ გვერდზე.

| Print |
FaceBook Twitter Google