საზოგადოება
ოჯახში ძალადობის თემაზე გურჯაანში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
დღეს გურჯაანის საჯარო ბიბლიოთეკაში,ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის, პრევენციის და ძალადობის მსხვერპლთა დაცვის შესახებ შეხვედრა გაიმართა.

ღონისძიება ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტისა (NDI) და საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ორგანიზებით მოეწყო. NDI-ის პროგრამის მენეჯერის თეონა ყუფუნიას თქმით, შეხვედრის მიზანი მოსახლეობის ინფორმირებაა.
„ამ ღონისძიებაში ასევე ჩართულია ტრეფიკინგისა და ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების ეროვნული ფონდი, პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო. სტამბულის კონვენციის ფარგლებში მნიშვნელოვანი პაკეტი შევიდა პარლამენტში, რაც გულისხმობს მთელ რიგ ცვლილებებს, რომელიც განხორციელდა სისხლის სამართლის კოდექსში. ეს პირველი შეხვედრაა, ამის შემდეგ საქართველოს ყველა რეგიონს მოვიცავთ.“

პარლამენტის დეპუტატის და გენდერული საბჭოს წევრის ნინო წილოსანის განმარტებით, პარლამენტმა მოახდინა სტამბულის კონვენციის რატიფიცირება, რის თანახმადაც დაახლოებით 24 კანონში შევიდა ცვლილება.
„როგორც პარლამენტის გენდერული საბჭოს წევრი თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ამ მიმართულებით ბევრი რამ კეთდება. გვიხარია, რომ აქ მოსული საზოგადოება დიდი ინტერესით შეხვდა ამ ყველაფერს. გაიმართა აქტუალური დისკუსია. დარწმუნებული ვარ, ისინი მაქსიმალურად შეძლებენ ამ საკითხის უფრო ფართო მასებში გაშლას და საზოგადოების დანარჩენ ნაწილს ინფორმაციას მიაწვდიან.“

გენდერული თანასწორობის საბჭოს წარმომადგენლების გარდა, შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებიც. მათ მოსახლეობას ძალადობის მსხვერპლთათვის ხელმისაწვდომი სახელმწიფო სერვისები გააცნეს.

| Print |
FaceBook Twitter Google