საზოგადოება
2018 წლიდან საქართველოში პოლიეთილენის პარკების მოხმარება აიკრძალება
საქართველოს პარლამენტმა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის განხილვა დაიწყო, რომელიც მიზნად პოლიეთილენის პარკების შემცირებას ისახავს.


აღნიშნული რეგულაციების შემოღების აუცილებლობა ქვეყანაში მათი მოხმარების მკვეთრმა ზრდამ განაპირობა, რამაც თავის მხრივ, მნიშვნელოვანი პრობლემა შეუქმნა გარემოს.  უწყების ინფორმაციით, გარემო ყველაზე მეტად სწორედ პლასტიკისგან დამზადებული პროდუქციის ნარჩენებით ბინძურდება, განსაკუთრებით ეს ეხება ერთჯერად პარკებს, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში ფართოდ გამოიყენება. ის წარმოადგენს ნავთობპროდუქტებისა და ნარჩენი პლასტიკური ნივთიერებების გადამუშავებით მიღებულ პროდუქტს, რომლის სრულ დაშლას 100 წელზე მეტი ჭირდება.

მხედველობაშია მისაღები ისიც, რომ 2014 წლის მონაცემებით, საქართველოში ერთი მოქალაქე, საშუალოდ, წელიწადში 525 ერთჯერად ასეთ პარკს მოიხმარს. ვინაიდან პოლიეთილენის პარკების მოხმარება წარმოადგენს გლობალურ პრობლემას, მრავალმა ქვეყანამ შეიმუშავა გარკვეული რეგულაციები მათი მოხმარების შესამცირებლად. მის მოხმარებაზე რეგულაციები დაწესდა არამხოლოდ განვითარებულ, არამედ, განვითარებად ქვეყანებშიც.

,,ნარჩენების მართვის კოდექსში“ ცვლილებების თანახმად  პირველ ეტაპზე, აიკრძალება 15 მიკრონზე ნაკლები პოლიეთილენის პარკების იმპორტი/წარმოება და რეალიზაცია, ასევე დადგინდება ტექნიკური მოთხოვნები ბიოდეგრადირებადი პარკის შემადგენლობის მიმართ. აღნიშნულთან ერთად, მომზადდა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების პროექტი რომლის მიხედვითაც, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად განისაზღვრება პლასტიკის ან/და ბიოდეგრადირებადი პარკების საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტის, წარმოების ან/და რეალიზაციისას ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევა, რაც გამოიწვევს მეწარმე სუბიექტის დაჯარიმებას 500 ლარით, შესაბამისი პროდუქციის კონფისკაციით.

იმის გათვალისწინებით, რომ მეწარმეებს საკუთარი საქმიანობის ახალ რეგულაციებთან ადაპტაციისთვის დაჭირდებათ გარკვეული ღონისძიებების გატარება, კანონპროექტების ძალაში შესვლა გათვალისწინებულია 2018 წლის განმავლობაში.



| Print |
FaceBook Twitter Google