საზოგადოება
პრეზიდენტმა ოთხი შვილის დედა შეიწყალა
გიორგი მარგველაშვილმა ადამიანის გატაცებაში, ფულის გამოძალვასა და ხულიგნობაში მსჯავრდებული, 4 შვილის დედა თეა სირეაძე შეიწყალა.


ის 2010 წელს თბილისში დააკავეს. წაყენებული ბრალდება საკმაოდ მძიმე იყო: ადამიანის გატაცებაში, ფულის გამოძალვასა და ხულიგნობაში ედებოდა ბრალი. სასამართლომ ახალგაზრდა ქალი წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნო და სასჯელთა შეკრებითობის პრინციპით, უმძიმესი განაჩენი გამოუტანა - 28 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს. თავად ბრალდებული საქმის კვალიფიკაციას დღემდე არ ეთანხმება. ამბობს, რომ ინდოელი მამაკაცებისგან ის თავს იცავდა.

ამნისტიის წყალობით, მას სასჯელი შეუმცირდა და საბოლოოდ, 13 წელი უნდა მოეხადა, თუმცა 8 წლიანი პატიმრობის შემდეგ ის პრეზიდენტმა შეიწყალა. მან სასჯელაღსრულების დაწესებულება უკვე დატოვა. საქართველოს პრეზიდენტმა სულ 170 პირი შეიწყალა.



| Print |
FaceBook Twitter Google