საზოგადოება
მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტი იწყება

პროექტის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების, მედიატორების, კონტრაქტორი კომპანიისა და  რეგიონული ფასილიტატორების დახმარებით, საჯარო რეესტრი რეგისტრაციისათვის საჭირო ყველა პროცედურას   თავად განახორციელებს.


მოქალაქეები, რომლებიც მიწის ნაკვეთებს სათანადო საბუთების არქონის, დოკუმენტებში არსებული ხარვეზების, სამეზობლო დავების, საკადასტრო აზომვითი ნახაზისთვის საჭირო საფასურის თუ სხვა მიზეზების გამო ვერ ირეგისტრირებდნენ, ნაკვეთების რეგისტრაციას უფასოდ, მარტივად და ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე შეძლებენ.

საპილოტო პროექტი გეოგრაფიული მრავალფეროვნების გათვალისწინებით წინასწარ შერჩეულ 12 დასახლებაში: მანგლისში, ჯიმითში, არბოშიკში, არხილოსკალოში, სალხინოში (ვანის მუნიციპალიტეტი), კარალეთში, ზარიძეებში, ვედიდკარში, ლახამულაში, საგურამოში, მზისგულსა და შუახევში განხორციელდება. პროექტით უფასოდაა გათვალისწინებული როგორც მიწის რეგისტრაციის პროცედურა, ისე რეგისტრაციისთვის საჭირო ყველა მომსახურება: უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების მოძიება და აღრიცხვა, საკადასტრო აზომვითი ნახაზის მომზადება, საკადასტრო მონაცემების ცვლილება, საკადასტრო აზომვითი ნახაზის გარეშე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის დაზუსტება, ნოტარიუსის მიერ მხარეთა ხელმოწერის დამოწმება, მოსაზღვრე ნაკვეთების მესაკუთრეებს შორის არსებულ დავების მედიაციის გზით მოგვარება, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება.

მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმა 2016 წლის 1 აგვისტოს დაიწყო და ორ ეტაპად ხორციელდება. რეფორმის პირველი ეტაპი - სპორადული რეგისტრაციები, რომლის ფარგლებში საჯარო რეესტრი დოკუმენტაციის მოძიებას და სარეგისტრაციო წარმოებას მოქალაქეთა ინდივიდუალური მომართვის შემდეგ იწყებს, მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. 180 000-მდე რეგისტრაცია საჯარო რეესტრმა წარმატებით დაასრულა. რეფორმის მეორე ეტაპის – სისტემური რეგისტრაციების საპილოტო პროექტის ფარგლებში კი მიწები წინასწარ შერჩეულ გეოგრაფიულ არეალებში, სისტემურად და პროაქტიულად მოპოვებული და დამუშავებული მონაცემების საფუძველზე დარეგისტრირდება.

საპილოტო პროექტის ფარგლებში რეგისტრაცია არ ზღუდავს მოქალაქეებს ინდივიდუალურად, განცხადებით მიმართონ საჯარო რეესტრს და ნაკვეთები თავად დაირეგისტრირონ.


| Print |
FaceBook Twitter Google